ათენის 50-ე საჯარო სკოლაში უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოს განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, სრულფასოვნად მოქმედებს ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა. სწორედ ამ სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ელჩი დავით დონდუა და საელჩოს პირველი მდივანი ანი უძილაური.
ელჩმა სკოლის დირექტორ ევანგელოს მოკოსს მადლობა გადაუხადა მიწვევისთვის და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია საბერძნეთში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ფუნქციონირება. დავით დონდუამ ხაზი გაუსვა, რომ საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი ახალგაზრდები აუცილებლად უნდა იყვნენ ინტეგრირებულნი ადგილობრივ საზოგადოებაში, იცოდნენ ადგილსამყოფელი ქვეყნის ენა, ტრადიციები, მიიღონ საფუძვლიანი განათლება და პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენობრივ-კულტურული იდენტობისა და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების შენარჩუნება. მან მადლობა გადაუხადა სკოლის პედაგოგებს, მადონა ჯავახიშვილს და ხათუნა ლობჯანიძეს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ ახალი თაობის აღზრდისა და ქართული წარმოშობის ახალგაზრდებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავების საქმეში.
სკოლის დირექტორმა ევანგელოს მოკოსმა იმედი და მზაობა გამოთქვა, რომ ეს საინტერესო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიებაზე სკოლის აღსაზრდელებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს ქართული პოეზია და ჩვენი უნიკალური ანბანის ისტორია, ასევე, ქორეოგრაფი მარიამ შენგელიას ჩართულობით, შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები.