ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ბელგიის სამეფოს, ლუქსემბურგის საჰერცოგოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ცენტრების, ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს ზვიად ბოლქვაძემ და გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ Guram Kurashvili State Choral Chapel of Abkhazia. შესრულდა საქართველოს ჰიმნი, ქართული მრავალხმიანობისა და თანამედროვე საგუნდო ხელოვნების წარმომჩენი ნაწარმოებები – მრავალჟამიერი, ლალე, ურმული, ნოსტალგია და სხვ. ხსენებულ ნაწარმოებებთან ერთად, კაპელამ ღონისძიებისთვის სპეციალურად მომზადებული ცნობილი უკრაინული სიმღერაც – “Ой у лузі червона калина” შეასრულა, რითაც პატივი მიეგო უკრაინელთა ბრძოლას თავისუფლებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას და ქვეყნის ისტორიის ევროპულ გზას მიეძღვნა.