თბილისის გრან სლემის პირველ დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 5 მედალი მოპოვა

თბილისის გრან სლემს 36 ქვეყნის 278 ძიუდოისტი ეწვია (173 კაცი და 105 ქალი). მათ შორის არის იაპონიის მცირერიცხოვანი გუნდიც, რომელიც თბილისურ ტატამს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

საქართველოს კაცთა ნაკრები, როგორც მასპინძელი, თითოეულ წონაში ოთხი ძიუდოისტით (28) არის წარმოდგენილი, ქალებში – 11.

გრან სლემის პირველი დღე კაცთა საწყის – 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებს, ქალებში კი 48, 52 და 57 წონებს დაეთმო. საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა. მათ შორის, ყველაზე წარმატებული უმსუბუქესი წონა გამოდგა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. თემურ ნოზაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში გიორგი სარდალაშვილი დაამარცხა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა გიორგი თუთაშვილს. ის ფინალში ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში ბრაზილიელ  ვილიამ ლიმაზს წმინდად მოუგო.

ერთი მედალია ქალთა ნაკრების ანგარიშზე. ჩვენი გუნდის ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელ  ვერონიკა ტონიოლოზს  ოქროს ქულით აჯობა.