რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რომის  სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მემორანდუმი ითვალისწინებს რომის  სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობას სპეციალიზებული სასწავლო კურსების – სემინარების, კონცერტების, მასტერკლასებისა და კონფერენციების ორგანიზებას. სასწავლებლები განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებს. ასევე, დაიგეგმება აკადემიური პერსონალის მობილობა მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ორი ინსტიტუტი ერთმანეთთან შეათანხმებს აკადემიურ კურსებთან დაკავშირებული სწავლებისა და დიდაქტიკის წარმოების ინიციატივებს, იმ სასწავლო კურსების საფუძველზე, რომელიც თითოეულ ინსტიტუტს გააჩნია.

მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალური ინსტიტუტის კაპელაში საორგანო და ქართული საეკლესიო მუსიკის კონცერტი გაიმართა, სადაც ანსამბლ „ბასიანის“ წევრებმა ქართული საგალობლები შეასრულეს.