ეროვნულ გალერეაში „არტისტერიუმი 15/ 2022″-ის ფარგლებში გამოფენა „რადიკალური იმედი“ გაიხსნება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისში პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით, პროექტ „არტისტერიუმის“ ფარგლებში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა პოლონური და აღმოსავლეთ ევროპული თანამედროვე ხელოვნების კოლექციების გამოფენას უმასპინძლებს. კურატორები: მაგდა გურული (საქართველო) და მონიკა შევჩიკი (პოლონეთი).

ექსპოზიცია სახელწოდებით „რადიკალური იმედი“ ორმოცდაათამდე მხატვრის სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევარს აერთიანებს და შთაგონებულია ჯონათან ლირის მხატვრული ნაწარმოებით „რადიკალური იმედი“. ეს არის წიგნი, რომელიც ცდილობს უპასუხოს სამ ფუნდამენტურ შეკითხვას: როგორ ვიცხოვროთ სამყაროში, რომელმაც მოულოდნელად დაკარგა ყოველგვარი მნიშვნელობა? არის თუ არა იმედი ასეთ სამყაროში და თუ არის, როგორ შეიძლება მისი გამოხატვა?

გამოფენაზე „რადიკალური იმედი“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს ქ. ბიალისტოკის გალერეა „არსენალის“ „კოლექცია II” – რომელიც პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო კოლექციას წარმოადგენს და ბოლო 30 წლის მანძილზე, პოლონურის გარდა, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების თანამედროვე ხელოვნების შემოქმედებით სცენებსაც მოიცავს.

გამოფენის კურატორის მონიკა შევჩიკის აზრით, ვითარება, რომელშიც დღეს კულტურა და ევროპული საზოგადოება იმყოფება, შესაძლოა „რადიკალურ იმედში“ აღწერილ განადგურების საფრთხეს შევადაროთ: „დეზორიენტაციისა და დროის დასასრულის განცდა, გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა რაღაც არაპროგნოზირებადის, განუსაზღვრელის, მაგრამ გარდაუვალის წინ, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე ღრმა გამოცდილებაა. ჯონათან ლირის ნაწარმოების თანახმად ეგზისტენციალური ჩიხიდან გამოსასვლელად მეგზური გვჭირდება, რომელიც ახალ მნიშვნელობებს, შესაძლებლობების ახალ ველს დაინახავს. შეუძლია თუ არა ხელოვნებას ამ როლის შესრულება? არიან თუ არა ხელოვანები ისინი, ვისაც რეალობის კომენტირებისას ჯერ არარსებული გამოსავლის დანახვა შეუძლიათ?”

მეორე პროექტი, რომელიც მე-15 „არტისტერიუმის” ფარგლებში ეროვნულ გალერეაში იქნება წარმოდგენილი, არის საერთაშორისო მხატვრების ვიდეო არტის პროგრამა ერთი ეკრანისთვის, სახელწოდებით „დაკავშირებული ობიექტები II“. პროგრამა ორგანიზებულია „არტისტერიუმის” პარტნიორი სამხრეთ კორეული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელოვნების სიმპოზიუმ Nine Dragon Heads-თან ერთად.

რუსეთ-უკრაინის ომისადმი მიძღვნილი ეს ვიდეოპროგრამა ამავე სახელწოდების პროექტის მეორე ნაწილია, რომელიც უკრაინისადმი სოლიდარობის გამოსახატად შეიქმნა და 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებში რუსულ სამხედრო ინტერვენციას ეხმაურება. კურატორები: პარკ ბიონ უკი (სამხრეთ კორეა) და მაგდა გურული (საქართველო).

დამთვალიერებელს გამოფენის „რადიკალური იმედი“ ხილვის შესაძლებლობა 12 ივნისამდე ექნება.

„არტისტერიუმი 15/ 2022″-ის ფარგლებში დაგეგმილ სხვა გამოფენებს მასპინძლობს შემდეგი საგამოფენო სივრცეები: ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურას სახელმწიფო მუზეუმი; თანამედროვე ხელოვნების გალერეა და სამუშაო სივრცე – „კუბი კონტექსტში“; თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმი ღია ცის ქვეშ.