„სიკვდილიც სევდა არის….ადამიანად არყოფნის სევდა“

ნაწყვეტი გოდერძი ჩოხელის მოთხრობიდან „ადამიანთა სევდა“

„– მაინც რატომ გვკლავ?

– იმიტომ რომ სიკეთე მინდა თქვენთვის… სულ ადამიანები ხომ არ იქნებით?

– რატომაც არა…

– არ შაგწყინდებათ?

– რო დავბერდებით, მერე რაც გინდა, ის გვიყავი.

– ყველა რომ დაბერდეთ, მაშინ სიცოცხლეს ფასი აღარ ექნება…”

_ რატომ მოკალი ჩემი ქეთინო?

_ დედი, მე დღეს ერთი დღე მაქვს ადამიანად ყოფნისა და ძალიან გთხოვ, ნუ ჩამიმწარებ?!

_ მე რომ ჩამიმწარეს ცხოვრება?!

_ განა შემეძლო, არ მომეკლა?!

_ არ შეგეძლო? სიბერემდე მაინც დაგეცადებინა.

_ სიბერემდე

_ ჰო, სიბერემდე.

_ არ შეიძლებოდა.

_ რატომ?

_ არ ვიცი, დღეს შენსავით ადამიანი ვარ და ალბათ არ შეიძლებოდა, ამას დღეს ვერ აგიხსნი.

_ მაშ როდის?

_ მერე..

_ არ შაგენანა?

_ იცი, დღეს ყველანი მენანებით სიკვდილისათვის, ისეთი კარგები ხართ, ისე კარგია ადამიანად ყოფნა, მაგრამ, როცა ჩემს მოვალეობას ვასრულებ, მაშინ.. თუმცა რომ გითხრათ, მსიამოვნებს მეთქი, რა აზრი აქვს…

გუდამაყრელ მოლაშქრეთა ფილოსოფიის რვეულში ვნახე ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც მარტო ორი კითხვა და ორი პასუხი წერია, არც გვარია, არც სახელი, არც იმ სოფლის დასახელება, სადაც ეს არის ჩაწერილი, შუაში ვერსად ჩავსვი და ისევ ბოლოსთვის შემოვინახე: _ რა არის სიცოცხლე? _ სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. _ სიკვდილი? _ სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა”