საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით გიწვევთ თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე. წიგნის მოყვარულებს ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს.
„წელს ფესტივალი სრულად უბრუნდება ტრადიციულ ფორმატს და მასშტაბებს. შესაბამისად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 პავილიონში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და აქსესუარები.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის“, – ნათქვამია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი თქმ9თ, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სლოგანით #GeorgiaStandsWithUkraine (საქართველო მხარს უჭერს უკრაინას) სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინას და უკრაინის ლიტერატურულ ფესტივალ „წიგნის არსენალთან“ პარტნიორობით, ფესტივალის ფარგლებში, უკრაინელი ილუსტრატორების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე შექმნილი ილუსტრაციების გამოფენას გამართავს.
ფესტივალის გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. 2017 წელს ფესტივალის პირველი ფოკუს ქვეყანა იყო ნორვეგია. ფოკუს ქვეყნები სხვადასხვა წლებში იყვნენ გერმანია (2018) და ფინეთი (2019). 2020 წლის ფოკუს ქვეყნის სტატუსი თურქეთს მიენიჭა. პანდემიიდან გამომდინარე, გასულ წელს ფოკუს ქვეყნის პროგრამა ვერ განხორციელდა, ამიტომ აღნიშნული სტატუსით თურქეთი წელს ისარგებლებს.
თურქეთის, როგორც ფოკუს ქვეყნის სტენდზე 10-მდე თურქი გამომცემელი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 15-ზე მეტი ავტორი გამართავს შეხვედრას, მათ შორისაა ფირატ სუნელი და ისკანდერ პალა. ისინი ქართველ მწერლებთან ერთად ქართულ-თურქულ ლიტერატურულ თუ კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრებენ. თურქეთის პროგრამის ორგანიზატორები არიან თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო.
უკვე ცნობილია, რომ ფესტივალის მომდევნო ფოკუს ქვეყანა 2023 წელს პოლონეთი იქნება. ამდენად წლევანდელ ფესტივალს პოლონელი მწერლებიც ეწვევიან და ფესტივალის ბოლო დღეს, 29 მაისს, თურქეთი პოლონეთს ოფიციალურად გადასცემს ფოკუს ქვეყნის სტატუსს.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ინფორმაციით, ფესტივალს უბრუნდება პროექტი “მსახიობები ლიტერატურისთვის”, რომლის ფარგლებში, მე-11 პავილიონში მოწყობილ სცენაზე ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს.