„მინდა, შემეძლოს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო“, – ასეთი ოცნება აქვს 19 წლის ნიკოლოზ ცქიტიშვილს, რომელმაც ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და საკუთარი შეუპოვრობის წყალობით ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ დაბის ფილიალში მოხვდა ასტროფიზიკის ფაკულტეტზე. მომავალი წლიდან უკვე გაცვლითი პროგრამებისთვის ემზადება, ერთი – ნიუ-იორკში, მეორე კი დიდ ჩამონათვალში ჯერ არ აურჩევია. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
ნიკას მთავარი გატაცება ასტრონომიაა. ის უკვე საქართველოს ასტრონომიის კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და ამბობს, რომ ეს საქმე ცხოვრების ბოლომდე მის უდიდეს პასუხისმგებლობად დარჩება. ჯერ საკუთარ მომავალს მკაფიოდ ვერ ხედავს, თუმცა ის უკვე ზუსტად იცის, რის გაკეთება არ სურს.
„19 წლის ასაკში ნიკამ უკვე საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებაც მოასწრო. 2017-2019 წლებში ის სოციალურად დაუცველ ბავშვებს ასწავლიდა მათემატიკას და ცხოვრებისეულ უნარებს.
პატარა ასაკში უკვე დიდი გამოწვევების მიუხედავად, მაინც არ თვლის თავს წარმატებულად. „ნუ დაიზარებთ ახლის ცდას. იპოვეთ თქვენი თავი. ეს ძალიან რთულია და ძალიან დიდ შრომას ითხოვს, მაგრამ აუცილებელია, კარგად ვიცნობდეთ ჩვენს თავს და სწორად შევარჩიოთ ის მიზანი, რისთვისაც ცხოვრებას დავთმობთ.“
საკუთარი თავის მიმართ ნიკას უფრო დიდი მოთხოვნები აქვს და ამბობს, რომ თავს შემდგარად მანამ არ ჩათვლის, ვიდრე ოცნებებს არ აისრულებს. მისი მთავარი ოცნება კი არის, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს და საკუთარი ცოდნა გაუზიაროს“, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.