გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით, კვირას, 5 ივნისს გაიმართება რიგით მეათე ტრადიციული ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელიც COVID 19-ის გამო ორი წელი შეჩერებული იყო. ტურნირს ამჯერად ქალაქი დრეზდენი უმასპინძლებს.
ტურნირი მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების გაცნობა-დამეგობრებას.
„მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს. იგი უნდა შედგებოდეს სულ ცოტა 5 მოთამაშისაგან მეკარის ჩათვლით (სათადარიგო მოთამაშეების რაოდენობა შეზღუდული არ არის). დაიშვებიან მოთამაშეები მხოლოდ 16 წელს ზემოთ.
10-წუთიანი მატჩები გაიმართება დარბაზში, ხელოვნური საფარის მოედანზე. თამაშებს ჩაატარებენ პროფესიონალი მსაჯები“, – ნათქვამია გერმანიის ქართული სათვისტომოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გერმანიის ქართული სათვისტომოს გარდამავალი თასი, რომლის ამჟამინდელი მფლობელია 2019 წლის გამარჯვებული – ს.კ. იბერია (ცვაიბრუკენი). ტურნირის ბოლოს ასევე გამოვლინდება საუკეთესო მეკარე და ბომბარდირი.