ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის წარმატება – გვანცა სალუქვაძე Forbes Georgia-ს პროექტის – 30 UNDER 30 გამარჯვებულია

Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი გაბედულებით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას. პროექტში 2021 წელს, მეცნიერების სფეროს ნომინაციაში გამარჯვებული ახალგაზრდა მკვლევარი გვანცა სალუქვაძეა.

გვანცა ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორობის კანდიდატი და ციურიხის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის მიმართულებაზე  –  აფილირებული მკვლევარია, მისი მიმდინარე კვლევითი პროექტები ასევე მოიცავს ინსბრუკის, ბერნისა და ვაგენინგენის უნივერსიტეტებთან აქტიურ კოლაბორაციას.

„30 UNDER 30-ის სიაში მოხვედრა ნიშნავს იმ მიღწევების საჯარო აღიარებას, რომლებიც აქამდე ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. შესაბამისად, მსგავსი, მუდამ განახლებადი და ინოვაციური პლატფორმა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ პროფესიული ინიციატივები და სიახლეები საჯარო გახადო. ეს არის ქართულ რეალობაში და არამარტო, გამორჩეული პროექტი თავისი მიზნით, რომ გამოავლინოს ლიდერები სხვადასხვა სპეციალიზაციის მიმართულებით და ხელი შეუწყოს მათი საქმიანობის პოპულარიზაციას“ – ამბობს „ქართულ კვირასთან“ საუბარში გვანცა სალუქვაძე.

30 UNDER 30 მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს: კულტურა და სტილი, ტექნოლოგიები, მეცნიერება, ანტრეპრენიორები და მეწარმეები, მედია და მარკეტინგი. Forbes Georgia-მ წელს მეორედ,  გამოავლინა საკუთარი რჩეულები.

“2013 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ პერიოდის განმავლობაში, კვლევითი პროექტების ფარგლებში ვთანამშრომლობდი არაერთ ინსტიტუტთან, მათ შორის არის ფოლკსვაგენის ფონდი, ავსტრიის განვითარების ფონდი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ა.შ. ჩემი კვლევითი ინტერესები მოიცავს მაღალმთიანი რეგიონების სოციო-ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ადგილობრივი საარსებო პრაქტიკების, ტურიზმისა და მთის საზოგადოების მედეგი განვითარების დაკვირვებას, შესწავლას. კერძოდ, ჩემი საქმიანობა ფოკუსირებულია მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომლებიც არაუპირატეს, შორეულ და სტრუქტურულად სუსტ დასახლებებში ცხოვრობენ და ხშირად მათი ‘ხმა’ უგულებელყოფილია. აღნიშნულის გასაჟღერებლად უკვე გამოქვეყნებული მაქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია საერთაშორისო მაღალრეიტინგულ, იმფაქტ-ფაქტორ ჟურნალებში. თუმცა, ჩემი “ბრძოლის მოედანი” სცდება სამეცნიერო ჩარჩოებს და აგრეთვე, მოიცავს  მთის ხალხის საჭიროებების გადაქცევას მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტებად, რაც ხელს უწყობს შესაბამისი ცვლილებების შეტანას პოლიტიკის დოკუმენტებსა და განვითარების ინიციატივებში“ – აღნიშნავს გვანცა სალუქვაძე.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გვანცა სალუქვაძის სტატია ბერნის ერთ – ერთ ცნობილი ჟურნალში „მთის კვლევა და განვითარება“ გამოქვეყნდა.