,,შეიძლება ზოგჯერ ვერ მიიღო სასურველი შედეგი, მაგრამ ხელი არასდროს უნდა ჩაიქნიო“ – შვედეთში მცხოვრები ახალგაზრდა პიანისტის გზა წარმატებამდე

ვიდეობლოგის სტუმარი შვედეთში მოღვაწე ახალგაზრდა პიანისტი ივერი კეკენაძეა. ის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსია.

ხელოვანმა 2021 წელს მოიპოვა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი კლავიშებიანი საკრავების მიმართულებით და ამავე წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა. ამჟამად ივერი მალმოს მუსიკის აკადემიის და ლუნდის უნივერსიტეტის მაგისტრანტია ერთი მხრივ, საშემსრულებლო ხელოვნების და ამასთან, ევროპისმცოდნეობის სპეციალობით.

ივერი 2018-19 წლებში Erasmus+ მობილობის ფარგლებში, სწავლობდა ფინეთში სიბელიუსის აკადემიაში, სხვადასხვა სასწავლო კურსები აქვს გავლილი ოქსფორდში (ბრიტანეთი, 2016), ინგესუნდის სამუსიკო აკადემიაში (შვედეთი, 2020-2021), სიენას მუსიკის აკადემიაში (იტალია, 2021). პარალელურად, აქტიურად მონაწილეობს კლასიკური მუსიკის კონცერტებსა და ფესტივალებში ევროპის ქვეყნებში, მათ შორის Beflugelt (შვეიცარია, 2021), Sound of Lempääla (ფინეთი, 2021) და ა.შ. მიმდინარე წლის იანვარში ივერიმ მალმოს მუსიკის აკადემიის ყველა მიმართულების სტუდენტს შორის გამართულ კონკურსში გაიმარჯვა და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რაველის სოლ მაჟორულ საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს შემოდგომაზე.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"