გერმანიაში, ზულეში მიმდინარე ახალგაზრდა ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებას მიაღწია. მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ შერეულ წყვილებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველოს წარმომადგენლებმა გადამწყვეტ შეხვედრაში დიდი უპირატესობით – 16:4 დაამარცხეს ტაილანდელთა დუეტი.
„საგულისხმოა, რომ მსოფლიო თასი ახლებური სისტემით ჩატარდა – საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ნახევარფინალური სერია არ გამართულა. გუნდები დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდნენ. ფინალშიც ექვსი წყვილი გავიდა: I-II ადგილზე გასულებმა ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღეს, III-VI და IV-V ადგილოსნებს კი ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა ბრინჯაოს მედლებისთვის მოუწიათ.
ფროდიაშვილი – მუმლაძის წყვილი შესარჩევშიც კარგად გამოვიდა – 571 ქულით 38 მეტოქეს შორის მესამე ადგილზე გავიდა. საქართველოს მეორე წყვილი – სალომე ფროდიაშვილი – იოანე ხვარეშია 544 ქულით 31-ე ადგილზე გავიდა“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.