ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის, საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და ღირსების ორდენის კავალერის, მურაზ მურვანიძის მიერ შექმნილი ქანდაკება კურორტ „ბიოლის“ ტერიტორიაზე განთავსდა. ქანდაკება ეძღვნება პროექტ „ვოიაჯერის“ ფარგლებში 45 წლის წინ ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მიერ (სოლისტები ილია ზაქაიძე და როსტომ საგინაშვილი) შესრულებული „ჩაკრულოს“ NASA-ს კოსმოსურ ხომალდზე გაგზავნას. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
„ღონისძიება მეცნიერების პოპულარიზაციის ფონდის „ნოვა“ ორგანიზებით ჩატარდა. ფონდ „ნოვას“ დამფუძნებელმა რამაზ ბლუაშვილმა 2009 წელს საქართველოში ჩამოიტანა და საზოგადოებას გააცნო ქართული ხალხური სიმღერის „ჩაკრულოს“ NASA-ს კოსმოსურ ხომალდზე გაგზავნის უნიკალური ისტორია. სწორედ ეს ისტორიული ფაქტი გახდა შთაგონების და ინსპირაციის წყარო მოქანდაკე მურაზ მურვანიძისთვის, რომელიც ქანდაკების შექმნის იდეას დაედო საფუძვლად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე“, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..
ქანდაკების გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო ამ უნიკალური პროექტის ამსახველი დოკუმენტური ფილმი, რომელშიც NASA-ს კოსმოსური ხომალდის „ვოიაჯერის“ პროექტის წარმომადგენლები და უშუალო მონაწილეები ქართული ხალხური მუსიკისა და მრავალხმიანობის უნიკალურობასა და მრავალფეროვნებაზე საუბრობენ.