7 მაისს, ვატიკანში საქართველოს საელჩოს, პონტრემოლის მერიის და აპუანას წინააღმდეგობის ისტორიული ინსტიტუტის მიერ, ტელიას სასაფლაოზე დაკრძალული ქართველი ჯარისკაცის ორენოვანი მემორიალური დაფა გაიხსნა.
უცნობი ჯარისკაცი, რომელიც 77 წლის განმავლობაში განისვენებდა ტელიას სასაფლაოზე, ჩატარებული კვლევების თანახმად, 23 წლის გიორგი ბოკუჩავაა. ის იტალიელ პარტიზანებთან ერთად ტელიის ჰიდროელექტრო სადგურის გერმანელი სამხედრო გარნიზონისგან განთავისუფლების ოპერაციის დროს, 1945 წლის 26 მარტს გმირულად დაიღუპა.
„ცერემონიაში მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ანდრია ლაცაბიძემ, პონტრემოლის მერმა იაკოპო ფერიმ, აპუანის წინააღმდეგობის ისტორიული ინსტიტუტის თავმჯდომარემ, პროფესორმა პაოლო ბისოლიმ, ამავე ინსტიტუტის მკვლევარმა პიერპაოლო იანიმ, პროფესორმა კატერინა რაპეტიმ და საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სოფო ქარცივაძემ.
საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა ქართველი ხალხის განსაკუთრებულ წვლილზე ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში: ‘’350 000 ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. ეს ძალიან დიდი მსხვერპლია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ბევრი მათგანი იბრძოდა იტალიელი პარტიზანების გვერდით და ჩვენ ვამაყობთ მათი თავგანწირვით. სამწუხაროა, რომ გაკვეთილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკულმა მოვლენებმა გვასწავლა, საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ თავიდან აგვერიდებინა ბევრი უსამართლო ომი და ამ წუთებშიც, ამ ადგილიდან არც ისე შორს, უკრაინაში ისევ იბრძვიან და კვდებიან თავისუფლებისთვის, სამშობლოსთვის… ისევ რეალობაა ბირთვული ომის საშიშროება, ისევ რეალობაა უსახელო, საერთო საფლავები…“, – ნათქვამია წმიდა საყდრის(ვატიკანი) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.