გამოფენა-საქართველო და ქართველები ევროპულ მინიატურულ და მცირეფორმატიან რუკებსა და ჩანახატებზე

18 მაისს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) გაიხსნება გამოფენა საქართველო და ქართველები ევროპულ მინიატურულ და მცირეფორმატიან რუკებსა და ჩანახატებზე. ღონისძიების ორგანიზატორია Centre for the Studies of Ethnicity and Multiculturalism – CSEM

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის არქივში დაცული ოთხმოცზე მეტი მინიატურული და მცირეფორმატიანი რუკა და ჩანახატი საქართველოს და ქართველთა ეთნოგრაფიული ტიპაჟების გამოსახულებით. როგორც რუკები, ასევე ჩანახატები შექმნილია XVI-XIX საუკუნეების ევროპელი კარტოგრაფების, მხატვრების და გრავიორების მიერ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპონატების უმეტესობას ქართული დაინტერესებული საზოგადოება პირველად იხილავს. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი რუკების ნაწილი ერთეული ეგზემპლარების სახით არის შემორჩენილი, რაც მათ ფასეულობას და მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. თითოეულ ექსპონატს დართული ექნება დეტალური აღწერა ავტორის, გამოცემის ადგილის და თარიღის მითითებით. აღწერებში ასევე იხილავთ ინფორმაციას რუკებზე ასახული ტოპონიმების, ეთნონიმების თუ სხვა სახის აღნიშვნების შესახებ. გამოფენილი რუკები შექმნილია ისეთი ევროპელი გეოგრაფების და კარტოგრაფების მიერ, როგორებიც იყვნენ გასტალდი, ჰონდიუსი, გალი, ორტელიუსი, მიუნსტერი, სპიდი, მაჯინი, დიუვალი, სელერი, მორდენი, ლოტერი და სხვები.

„არანაკლებ საინტერესოა გამოფენისთვის შერჩეული ქართველთა ეთნოგრაფიული ტიპაჟების კოლექცია, რაც მნიშვნელოვან პირველწყაროს წარმოადგენს იმის გასარკვევად, თუ როგორი იყო საუკუნეების მანძილზე ევროპელების აღქმა და წარმოდგენები ქართველთა ჩაცმულობის და გარეგნობის შესახებ. წარმოდგენილ ნიმუშებს შორის იხილავთ ვეჩელიოს, კუსტოს, ლეპრენსის, როდრიგესის, დემარტრისის, დიუფლოს, შოპენის, ლარუს, რურგის, ჰასლერის და სხვა ევროპელ მხატვართა გრავიურებს და ლითოგრაფიებს. დამთვალიერებლისათვის ასევე საინტერესო იქნება ძველი თბილისის ამსახველი რამდენიმე ევროპული გრავიურის ხილვაც“, – ნათქვამია CSEM- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თითოეული ექსპონატი გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ორიგინალი ბეჭდური ეგზემპლარების სახით.

გამოფენა გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით.

“, – ნათქვამია CSEM- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.