თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დევიდ ფიუზინსკის და გიორგი მიქაძის მასტერკლასი ჩატარდება

11 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერულ დარბაზში მასტერკლასს ჩაატარებენ ბერკლის მუსიკის კოლეჯის პროფესორები გიტარისტი დევიდ ფიუზინსკი და პიანისტი გიორგი მიქაძე.

მასტერკლასზე დასწრება თავისუფალია!

დევიდ ფიუზინსკი ცნობილი ამერიკელი ჯაზ-გიტარისტი, მკვლევარი და კომპოზიტორია. მას ჩაწერილი აქვს 95-ზე მეტი მუსიკალური ალბომი. ფიუზინსკის შემოქმედებაში სინთეზირებულია ჯაზის, ფანკის, ფიუჟენის, მიკროტონალური, არაევროპული, ელექტრო აკუსტიკური მუსიკის რიტმულ-ინტონაციური ელემენტები.

გიორგი მიქაძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ბერკლის მუსიკის კოლეჯისა და მანჰეტენის მუსიკის სკოლის კურსდამთავრებულია. იგი Yamaha-ს პირველი ქართველი ჯაზ-არტისტია, 2021 წლიდან კი იკავებს ბერკლის მუსიკის კოლეჯის ასოცირებული პროფესორის პოზიციას.

გიორგი მიქაძის პროექტის წარმდგენია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, რომელიც ლექციებისა და მასტერკლასების გარდა, 13 მაისს, “რესპუბლიკაში”, ამერიკული ბენდის (გიტარისტი დევიდ ფიუზინსკი, პიანისტი გიორგი მიქაძე, ბასისტი პანაიოტის ანდრეუ და დრამერი ჯარელ კამპბელი) კონცერტის ჩატარებასაც გულისხმობს.