ვაჟა თოდუა დაიბადა 1971 წლის 14 მარტს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ომფარეთში. სწავლობდა ლანჩხუთის N3 საშუალო სკოლაში. რვა კლასის შემდეგ მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩაირიცხა. სამხედრო სავალდებულო სამსახური გერმანიაში მოიხადა. სწავლა არქიტექტურისა და მშენებლობის საერთაშორისო ინსტიტუტში განაგრძო. ამ დროს აფხაზეთში ომი დაიწყო. 22 წლის ვაჟა ჩუმად გამოემშვიდობა სასწავლებლის კედლებს და დედას ჯარში გაეპარა. ირიცხებოდა 21-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში დაზვერვის ოცმეთაურად. ვაჟა თოდუა 1993 წლის 20 ივნისს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში ტყვედ ჩავარდა და სასტიკი წამების შემდეგ დაიღუპა. მასთან ერთად ტყვედ ჩავარდა და, ასევე, წამებით მოკლეს გია ტრაპაიძეც.
ამონარიდი 1994 წლის 6 ივნისს, ლანჩხუთის რაიონის კომისრის, იური თევზაძისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კაპიტნის, დიმიტრი მეშარიშვილის მიერ გამოგზავნილი წერილიდან:
‘’ვაჟა თოდუა სამხედრო სამსახურის დროს გამოირჩეოდა თავაზიანობით, კეთილსინდისიერებით, საქმისადმი სერიოზული და ერთგული მიდგომით, თანამებრძოლებსა და უფროსებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.
1993 წლის 20 ივნისს, იგი თავის თანამებრძოლ, გია ტრაპაიძესთან ერთად დაიღუპა მტრის ხელით, სოფელ მერკულაში.
საბრძოლო დავალების შესრულების დროს, ზემდეგი ვაჟა თამაზის ძე თოდუა და რიგითი თანამებრძოლი, გია ტრაპაიძე ხელში ჩაუვარდა მტერს. ვაჟამ შეძახილებით, „დასცხეთ, ბიჭებო!“, „წინ, წინ!“ — თანამებრძოლებს აცნობა მტრის მოახლოება. მტერს იმ დღისთვის დაგეგმილი ჰქონდა უეცარი თავდასხმა ბატალიონზე, ფაქტობრივად, ვაჟა თოდუამ, თავისი საქციელით, გმირობის ტოლფასი ქმედება ჩაიდინა და თანამებრძოლები სრული განადგურებისა და სიკვდილისაგან იხსნა.
ჩვენმა მებრძოლებმა, მტერზე საპასუხო შეტევის შემდეგ იპოვეს ვაჟას ჯერ კიდევ თბილი ცხედარი, რომელიც ფეხებზე თოკმობმული ეგდო; როგორც ჩანს, მტრებმა, მისი წაღება ვერ მოასწრეს.
მტრებმა ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე სასტიკად აწამეს, მაგრამ იგი არ დანებდა მტერს, მუხლი არ მოიდრიკა ურჯულოთა წინაშე. ყოველივე ზემოთ თქმულს თვალს ადევნებდა მისი თანამებრძოლი, გია ტრაპაიძე, რომელსაც ვაჟას ენით გამოუთქმელმა ამტანობამ და ვაჟკაცობამ, სანიმუშო მაგალითი მისცა მტრებთან უიარაღოდ გამკლავებისა, ხოლო, რაც შეეხება გია ტრაპაიძეს, მისი ცხედრის ნაშთები, მოლაპარაკების შემდეგ გადმოასვენეს.
ვაჟა თოდუას წამების შედეგები ასახულია ვიდეოფირზე_ „ტყვიების წვიმა სიცოცხლის ფასად“.
ეთერ თოდუა, ვაჟა თოდუას დედა: ” ვაჟა მეორე კურსზე იყო, როდესაც აფხაზეთის ომში წავიდა. მარტის თვეში დასვენება ჰქონდა და ჩამოსული იყო. მაშინ აფხაზეთის ომში წასაყვანად რეზერვისტებს იწვევდნენ. უწყება მოვიდა სახლში და ვაჩვენე ვაჟას, წაიკითხა და ისევ თავის ადგილზე დადო. მეორე დილით გამოვიდა და მითხრა, მთელი ღამე არ მეძინა, ჩემს ქვეყანას უჭირს და მე კიდე აქ ვარ. როგორ შეიძლება, ახლა, ჩემი ქვეყნის დამცველთა რიგებში არ ვიდგეო. ვუყვირე, რას ამბობ-მეთქი, დავუშალე. კარგიო დამამშვიდა და აღარაფერი უთქვამს. იმ დღეებში, ლანჩხუთიდან სუფსაში წავედი სახლში. 1 კვირაში დავბრუნდი და ვაჟა არ დამხვდა. ბებიამისს ვკითხე_ სად არის ვაჟიკო-მეთქი და სუფსაში წამოვიდა სახლშიო. მაშინვე გავიფიქრე, რომ ვაჟა ომში წავიდა. ჩავედი კომისარიატში, შევხდი, კომისარს და მითხრა, ჩემთან იყო და ახლა ქუთაისის ბატალიონშია წვრთნებზეო. ერთი თვე იყო ქუთაისში, წვრთნებს გადიოდა. ჩემ შვილს სამხედრო სავალდებულო სამსახური გერმანიაში ჰქონდა გავლილი, მზვერავი იყო. 7 ჯერ ჩავედი ერთი თვის განმავლობაში ქუთაისში მის სანახავად. ორჯერ კი_ აფხაზეთში ჩავაკითხე ფრონტის წინა ხაზზე. დაზვერვის ოცმეთაური იყო. პირველად რომ ჩავედი, დოდო გუგეშაშვილმა მაპოვნინა და მომიყვანა შვილი. შემდეგ, პირდაპირ შტაბში დავრეკე და ფრონტზე ჩავაკითხე, სანგარში მძინებია მასთან ერთად. როდესაც მეორედ უკან წამოვედი, დამემშვიდობა და მაშინ მივხდი, რომ შვილი აღარ დამიბრუნდებოდა… ეს იყო დედის საშინელი წინათგრძნობა. ვაჟა ტყვედ ჩავარდა, მაგრამ წამებით სიკვდილი არჩია სამშობლოს ღალატს… “
ბრძოლის ველიდან ვაჟა თოდუას ცხედრის გამოტანაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის ბატალიონის მებრძოლმა, დათო ზივზივაძემ.
დათო ზივზივაძის დღიურიდან: „ჩვენი შტაბის გვერდით ადგილობრივი შტაბია, მის წინ სულ დგას მორიგე ტანკები და სადაც გაჭირვება იქნება, იქ ჩნდება. ტანკი დაიქოქა და იმ წამსვე ავფრინდი ლოგინიდან. გაქრა უძლურება, ტკივილები. ავტომატს ხელი დავავლე და ტანკზე ავფრინდი სარეკორდო დროში. სროლები „კატელნაიასთან“ მიდიოდა. მე რომ მივედი, სროლა აღარ იყო, იყო დანაღვლიანებული სახეები. „რა ამბავია?“- ვიკითხე. „ორი კაცია შესული და არ დაბრუნებულან“. „რა ადგილზე?“ მაჩვენეს მეორე სახლი. ჩემთვის ნათელი იყო, ან ტყვედ ჩავარდნენ, ან ბიჭები არ იქნებიან ცოცხლები… უფრო საფიქრალი მეორე იყო. მკვდრები მაინც უნდა გამოგვეყვანა. ახლომდებარე ტერიტორია უნდა დამეზვერა. რამდენიმე კაცი შევედით ფრთხილად. ღელეში გადავიხედეთ, ფრთხილად ვმოძრაობდით. გაზაფხული წელიწადის ისეთი დროა, ძალიან სიფრთხილე გინდა მეომარს, ძირითადად სმენას უნდა ენდო, რადგან სიმწვანეში მხედველობა თითქმის არ მუშაობს. ვიღაცამ დაგვიძახა, სოსო იყო, – გამოდითო. სასწრაფოდ გამოვედით, რადგან რამე უნდა მოგვეფიქრებინა. შეიძლება, ჩასაფრება ყოფილიყო. უკვე ყველას მოერბინა, კითხულობდნენ, რა ამბავიო. ცოტა ხანში სიწყნარე ჩამოვარდა. ადგილობრივი ბატალიონიდანაც მოირბინეს. – რა ვქნათ, დათო, ახლა ტანკებმა უნდა დაბომბონ, მერე შეხვალთ, – მეუბნება სოსო. – უნდა შევიდეთ, შევალთ, დავათვალიერებთ, იქნებ, მკვდრები ვნახოთ, თორემ ცოდონი არიან ბიჭები, – ვუთხარი მე. გამსვლელები მოვემზადეთ. ავკრიფეთ „რაჟოკები“, „ლიმონკები“, გავედით შვიდი კაცი.
დიდი სიფრთხილით მივიწევდით ხეობაში. ყოველ წამს მოსალოდნელია ჩასაფრება. ჩემ წინ მერაბი მიდიოდა, წელში მოხრილი, წელამდე ბალახში, მანდარინის ბაღში. მზერა მერაბის გაფართოებულ თვალებს ჩავაყოლე. ხელით დაწვდა, მე უკვე გადმოუბრუნებლადაც ვიცოდი, ვისი გვამიც იყო, მერაბმაც. ასეთი „პოლევოი“ კომბინეზონი, მარტო ვაჟა თოდუას ეცვა. ბუნების ფერში ვარო, იტყოდა ხოლმე იგი, – მტრები ვერ მხედავენო…
მოტყუვდა ჩვენი პატარა ძმა. შეამჩნიეს მაინც ძაღლებმა. თითქოს ჩაძინებული, ჩამხობილიაო, ასეთი იყო, თავზე რომ წავადექით ვაჟას ცხედარს. კომბინიზონის ზედა ნაწილი შემოეხიათ, ძალით გაეძროთ ვაჟასათვის…. დაახლოებით რვა ტყვია ჰქონდა ზურგში მოხვედრილი, ოთხ ადგილზე დანა ჩარტყმული, ფრთხილად გადავაბრუნეთ და მოვემზადეთ უფრო მეტისათვის. ოი, ადამიანო! თუ ადამიანობა კიდევ არსებობს! ამის შემდეგ თუ ვართ ადამიანები! ( წერილიდან ამოღებულია წამების დეტალები, მისი სიმძიმიდან გამომდინარე)
სულ გადამავიწყდა ყველაფერი და არაადამიანური ბღავილი დავიწყე. რომელი ერის შვილი ჩაიდენს ასეთ საზიზღრობას, სადაა ღმერთი, თუ არის, რას უყურებდა, რას გააჩინა ასეთი ადამიანები?! აღარ მწამს, არა! რატომ გვაყურებინებს ამას?
მომინდა, არაადამიანურად მომინდა, ენახა ყველას საწყალი ვაჟა, ენახათ, თუ ვის ვებრძვით, ვისთან გვაქვს ომი. რატომ ვომობთ. ცხედარს ოჩამჩირეში გავყევით მე, მერაბი, ნინძა, კიდევ – სამი ბიჭი, ჩვენი ექიმიც. შტაბში მივედით. უფროსები ვნახეთ. კორესპონდენტებს დაუძახეს. გადავიღეთ, ვილაპარაკეთ მე და მერაბმა. ცხედარი აეროპორტში მივასვენეთ და საწყალი ვაჟა ლანჩხუთში გადავაფრინეთ. ასე დავბრუნდით უკან გულგახეთქილები.“
ვაჟა თოდუას საფლავის ქვაზე, მეგობრების მიერ ამოტვიფრული ეპიტაფია: „ერთ საუკუნეში გმირულად სიკვდილი დანარჩენ საუკუნეებში უკვდავებას ნიშნავს!“
ვაჟა თოდუა (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
წყარო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური