გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა მისთვის ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ქართველმა მძიმეწონოსანმა სამედლო შეხვედრაში უკრაინელი იაკივ ხამო ოქროს ქულით დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა 90 კილოგრამ წონითი კატეგორია. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის, ასევე ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ლუკა მაისურაძემ ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ), ჩემპიონატის პირველ დღეს კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).

საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლით მედლების საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა, კაცთა ჩათვლაში კი – მეორე.