ივერი კეკენაძე ევროპული კონსერვატორიების ასოციაციის სამუშაო ჯგუფის წევრად აირჩიეს

კონსერვატორიის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი ივერი კეკენაძე ევროპული კონსერვატორიების ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორების სამუშაო ჯგუფის წევრად აირჩიეს. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

ასოციაციის წევრი სასწავლებლების საერთაშორისო დეპარტამენტების 7 წარმომადგენლისგან შემდგარი ჯგუფი მომდევნო სამი წლის განმავლობაში იმუშავებს პროექტის „AEC – Empowering Artists as Makers in Society“ (ARTEMIS) ფარგლებში და AEC ოფისის წარმომადგენლებთან ერთად პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორების ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზებასა და სხვა აქტივობებზე.

„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2006 წლიდან გახლავთ აღნიშნული გაერთიანების წევრი, ასოციაციის, რომელიც 300-ზე მეტ სასწავლებელს აერთიანებს.

2017 წელს საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორთა (IRC) ყოველწლიურ შეხვედრას თბილისში ვუმასპინძლეთ, ხოლო ამჯერად, ჩვენ პირველად ვიქნებით ჩართულები ასოციაციის შიდა სამუშაო პროცესში.  ეს გადაწყვეტილება დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს და ამასთან ადასტურებს იმ შრომის მნიშვნელობას და წარმატებას, რასაც კონსერვატორიაში ვაკეთებთ ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.  2025 წლამდე ვიქნები აღნიშნული ჯგუფის წევრი, დავესწრები შეხვედრებს ბრიუსელსა თუ ევროპის სხვა ქალაქებში, AEC გუნდთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ჩავერთვები 2022 (მონოპოლიში (იტალია)), 2023 (ლუვენში (ბელგია)) და 2024 წლის IRC კონფერენციების განხორციელების პროცესში.“-განაცხადა ივერი კეკენაძემ.