იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ.
ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი, რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს. იმპერატორის გამოგზავნილმა მხედრებმა იპოვეს ეს ხატი, ერთერთმა მათგანმა „მახვილი დასცა პირსა ხატისა”. მოხდა სასწაული: ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ.
ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის წინაშე, დილით კი, ღვთის განგებით, მან ხატი ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ წყალში ჩაუშვა. ხატი ზღვის ტალღებზე აღმართული, დასავლეთისკენ გაემართა.
გამოხდა ხანი. ერთხელ, მიმწუხრისას, ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ და თქვეს: „რაჲმე იყოს მნთებარე ესე წყალთა შინა?” ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა, მაგრამ როცა მიახლოება გადაწყვიტეს, ხატი ზღვის ნაპირს გაშორდა.
ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ქართველი ბერი, გაბრიელი. წმიდა მთის მამებს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მხოლოდ ბერი გაბრიელ ივერიელი იყო ღირსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანებისა. იმავდროულად, დედა ღმრთისა თავად ბერ გაბრიელსაც გამოეცხადა და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი”.
ათონის ბერებმა ქართველთა მონასტერს მიაკითხეს, მოძებნეს გაბრიელი და გალობით და საკმევლის კმევით ზღვის ნაპირთან ჩავიდნენ. გაბრიელი ზღვაში შევიდა, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.
ეს მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.
ზღვიდან გამოსვენებული ხატი დააბრძანეს და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. იმ ადგილას ცივმა და საამო წყარომ ამოხეთქა. ამის შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს. მეორე დილით, კანდელის დასანთებად ბერებს ხატი ადგილზე არ დახვდა. ძებნის შემდეგ იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს, ყოვლადწმიდა ქალწული ისევ გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღა გამხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანეს ამას შინა ხატი, არა მოგაკლდეს თქვენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა”.
ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.
პორტაიტის, ანუ ივერიის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულება.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.