ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკრაინიდან ჩამოსულ ქართული ენის შესწავლის მსურველ მოქალაქეებს და მათ შვილებს უმასპინძლა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, რომელთაც ქართული ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს, სპეციალურად მათზე მორგებულ სასწავლო პროგრამას სთავაზობს.
ქართული ენის შემსწავლელი უკრაინელთა პირველი ჯგუფი ბსუ-ში შეიკრიბა და მეცადინეობასაც შეუდგა. ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლამ მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლის სპეციალური პროგრამა – ქართული ენის მოკლე კურსი შეიმუშავა. აღნიშნული პროგრამა საქართველოში მყოფ უკრაინელებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში შეისწავლონ ქართული ენა, რაც მათ ახალ გარემოსთან ადაპტაციასა და ადგილობრივებთან ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება. ქართული ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობის გათვალისწინებით, სკოლა მზადაა, მეცადინეობები ჰიბრიდულ ან სრულად დისტანციურ რეჟიმში განახორციელოს.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული სხვა პირებისთვის, სახელმწიფო ენის სწავლებისა და მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, 2014 წლიდან სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას ახორციელებს. პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.