მამუკა ბეინაშვილი დაიბადა 1973 წლის 7 სექტემბერს. ქ.თბილისის 114-ე საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, დედაქალაქის ელმავალმშენებელ ქარხანაში ხარატად დაიწყო მუშაობა. 1992 წლის მაისში გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე, ოჯახის მალულად წავიდა. დაიღუპა 1992 წლის 1 სექტემბერს, ეშერის სკოლის ეზოში, შეტაკების დროს.
მანანა ბენაშვილი, მამუკა ბეინაშვილის დედა: ” მამუკა 1992 წლის 23 მაისს ჯარში წავიდა. ჩოლოყაშვილის პოლკში მსახურობდა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, 18 წლის როდესაც აფხაზეთის ომში წავიდა, გული ცუდს მიგრძნობდა. ის მომენტი იყო, რომ ჩვენი ჯარი აფხაზეთისკენ დაიძრა. ჩვენი მეზობლის ბავშვი დაიღუპა ავტოკატასტროფაში და მამუკა ჯარიდან დათხოვილი იყო, პანაშვიდებზე რომ ევლო. ამხანაგი მოსულა და უთქვამს, მამუკა შენი ნაწილი აფხაზეთისკენ მიდისო. მამუკას გაუხდია სამხედრო ტანსაცმელი, ყველაფერი სკამზე დაულაგებია, რომ არ მივმხვდარიყავით და ჩუმად წავიდა. საღამოს, მეზობლის გოგომ მითხრა, რომ ნაწილში წავიდა, ავნერვიულდი. არ მიჰყავდათ, თურმე, შენ ახალწვეული ხარო, მაგრამ არ შეისმინა_ ძალით გაჰყოლია… გათენებული არ იყო, მეზობელთან რომ დარეკა. – დედა,მაპატიე და გთხოვ,არ ინერვიულო. მე რომ არ წავიდე, ის რომ არ წავიდეს, არავინ რომ არ წავიდეს, ქვეყანა ვის შევატოვოთ?! ეს ჩემი და ჩემი თანატოლების ვალიაო…
ორ დღეში ერთხელ მირეკავდა ხოლმე, მამშვიდებდა. 7 სექტემბერს დაბადების დღე ჰქონდა, 19 წლის უნდა გამხდარიყო. ვუთხარი, იქნებ დაეთხოვო და დაბადების დღისთვის ჩამოხვიდე-მეთქი. არა დედა, ვერ ჩამოვალ, ახლა აქაურობას დაბადების დღის გამო ვერ მივატოვებ. ნუ გეშინია, ფრთხილად ვიქნებიო. მისი წასვლიდან ორი კვირა იყო გასული; კვირა დღეს მითხრა, ორშაბათს თუ არ დაგირეკე, არ ინერვიულოო. თურმე იცოდა, რომ მეორე დღეს დავალებაზე უნდა წასულიყო. ორშაბათს ღამეს სიზმარში ვნახე, თეთრი პერანგი ეცვა, ბევრი ბიჭები დადიოდნენ ირგვლივ, მამუკამ ხელი დამიქნია და გაქრა…ეს სიზმარი ძალიან ცუდად მენიშნა, მაგრამ ჩემ გონებამდე არ დავუშვი, რომ რამე ცუდი შეიძლებოდა, მომხდარიყო. სამშაბათი რომ გათენდა, ძალიან ცუდად ვიყავი, სამსახურში ძლივს წავედი. რომ დაბრუნდი, ეზოში ბიჭები იყვნენ შეკრებილნი, მალევე ჩემი მეუღლე მოვიდა და ერთმა მეზობელმა მეორეს გადაულაპარაკა, “მამა ხომ არ წაგვეყვანაო”. თურმე, ჩემი შვილი, ჩემი მამუკა 300 არაგველებზე საავადმყოფოში ჩამოუსვენებიათ, მეზობლებს გაეგოთ და ვერავინ გვეუბნებოდა. შემოვედით სახლში; ტელევიზორში, საინფორმაციოში აცხადებედნენ აფხაზეთში დაღუპულთა სახელებსა და გვარებს. ჩემი მეუღლე ძალიან ნერვიულობდა… ამ დროს გამიელვა გონებაში მეზობლის სიტყვებმა :”მამა ხომ არ წაგვეყვანაო”.
გამოვვარდი გარეთ, უამრავი ხალხი იყო მეორე ქუჩაზე შეკრებილი, რა ხდება ხალხო მითხარით, რა უბედურება ტრიალებს ჩემს თავს-მეთქი, დავრბოდი გიჟივით.. მაინც არაფერი მითხრეს… ჩამოვედი, კართან დავჯექი ძალაგამოლეული და ნახევარ საათში მოასვენეს ჩემი მამუკა…როგორც მერე გავიგე, 10 ბიჭი დაზვერვაზე ყოფილა. მისმა თანამებრძოლმა, ჟურნალისტმა გია თუთბერიძემ მოგვიყვა _ეშერის სკოლის ეზოში ცეცხლი გაუხსნიათ აფხაზებს, თუ რუსებს. ერთი ბიჭი დაჭრილა, გიამ თქვა, ვყვიროდი, მომეხმარე-მეთქი და მამუკა დახმარებია. სკოლის შენობაში შეუყვანიათ. ამ დროს გიაც ფეხში დაჭრილა; როგორც მომიყვა, მამუკას ფეხში ჩაბღაუჭებია, გარეთ რომ არ გასულიყო, მაგრამ ვერ გააჩერა ჩემი შვილი. მამუკა, ამ შეტაკების დროს, ეშერის სკოლის ეზოში დაიღუპა. ასე გაუბედურდა ჩემი ოჯახი…”
ლადო გურიელი, მამუკა ბეინაშვილის თანამებრძოლი: “ჩვენ ჯარში გავიცანით ერთმანეთი, ომშიც ერთად წავედით. იმ დროს მამუკა სხვა ბატალიონში იყო, არ უნდოდათ მისი წამოყვანა ასაკის გამო, მაგრამ იმდენი იაქტიურა, ჩვენს სადაზვერვო დანაყოფში გადმოვიდა და ჩვენთან ერთად წამოვიდა. 18 წლის ბიჭს უნდოდა, ბრძოლის წინა ხაზზე ყოფილიყო და ყველაფერი გაეკეთებინა სამშობლოს ერთიანობის დასაცავად. იმ საბედისწერო დღესაც ერთად ვიყავით, მე დავიჭერი და შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადამიყვანეს, ჭრილობას მიხვევდნენ. მესმოდა მამუკას ხმა, უფროს მეგობრებთან მორბოდა ტყვია წამალი მოჰქონდა, იბრძოდა! ის მომენტი, როგორ დაიღუპა, არ მინახავს. ალყაში ვიყავით ეშერაში. ბევრი მეგობარი და თანამებრძოლი დავკარგეთ იმ ღამეს. ჩვენი გადარჩენაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. მთელი ღამე ალყაში მოგვიწია ყოფნა. იყო უაღრესად კეთილშობილი პიროვნება. იცოდა გვერდში დგომა, ბოლომდე.,, მეც დამეხმარა, დაჭრილი რომ ვიყავი. ბრძოლაშიც იკვეთებოდა მისი ეს თვისება. იყო მართლაც სამაგალითო მეგობარი, თანამებრძოლი, სამშობლოს მოყვარული და პატრიოტი. პატარა ბიჭი იყო, მაგრამ თავისი მონდომებითა და გულანთებულობით, მაგალითს ბევრს აძლევდა.”
არჩილ ომიაძე, მამუკა ბენიაშვილის თანამებრძოლი: ” ჩვენ, ჩოლოყაშვილის პოლკის სადაზვერვო დანაყოფი ვიყავით. მამუკა ახალწვეული ჯარისკაცი იყო. ჩვენთან დაზვერვაში სულ სამხედრო გამოცდილების მქონე ხალხი მსახურობდა, მამუკა ისეთი შემართებით იყო, უნდოდა ჩვენთან ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ უარით გავისტუმრეთ, თავისი შეუპოვრობის წყალობით, ბოლოს მაინც მივიღეთ. გამონაკლისი დავუშვით იმ ვაჟკაცური სულისკვეთების, ფიზიკური და მორალური მონაცემების გამო, რაც მას ჰქონდა. ასაკით პატარა იყო, მაგრამ დიდი გულის პატრონი. თავს არ ზოგავდა. თავის საკეთებელს ყოველთვის პასუხისმგებლობით აკეთებდა. ძალიან თბილი, მამაცი ბიჭი იყო და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული.” 2016 წელს, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ უსახელო ქუჩას, მამუკა ბეინაშვილის სახელი მიენიჭა. მამუკა ბეინაშვილი, სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
წყარო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.