გამოფენა “წმინდა ფიროსმანი”, სადაც წარმოდგენილია ფიროსმანის იაპონელი მკვლევარის ჰარადა ტაკეჰიდეს ნამუშევრები 12 აპრილიდან – 9 მაისამდე ქუთაისში გაიმართება.გამოფენა დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში ერთი თვის განმავლობაში განთავსდება.ინფორმაციას საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს.
პირველი ასეთი ღონისძიება გაიხსნა 25 იანვარს თბილისში ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში. ეს იყო გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“, სადაც წარმოდგენილია ფიროსმანის იაპონელი მკვლევარის ჰარადა ტაკეჰიდეს ნამუშევრების ასლები. ამ გამოფენას შარშან რამდენიმე თვე უმასპინძლა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა (სიღნაღის მუზეუმი), სადაც დიდი წარმატება მოიპოვა. „ჩვენ ვგეგმავთ გამოფენა „ვამოგზაუროთ“ რეგიონებში წლის განმავლობაში, რათა უფრო მეტმა ხალხმა შეიგრძნოს იაპონელი მხატვრის მიერ დანახული ფიროსმანი“
ტაკეჰიდე ჰარადა 1954 წელს დაიბადა ტოკიოში. 44 წლის განმავლობაში იყო ტოკიოს კინოთეატრის „ივანამი ჰოლი” თანამშრომელი. მისი ინიციატივით, იაპონელმა მაყურებელმა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე ფილმი იხილა, მათ შორის – ქართულიც. 2018 წელს ხელოვანმა მოაწყო ქართული კინოს ფესტივალი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 1978 წელს ტაკეჰიდე ჰარადა ჩართული იყო გიორგი შენგელაიას ფილმის „ფიროსმანის” იაპონურ პრემიერაში. 24 წლის ასაკში იგი ისე მოიხიბლა ამ ფილმით და იმდენად დაინტერესდა მხატვრის ცხოვრებითა და შემოქმედებით, რომ მას შემდეგ ფიროსმანი არასოდეს გამქრალა მისი შემოქმედებიდან. ჯერ კიდევ კინოინდუსტრიაში მუშაობის პარალელურად, ტაკეჰიდე ჰარადა ქმნიდა ილუსტრაციებს წიგნებისთვის, 2019 წლიდან კი მთლიანად გადაერთო შემოქმედებით საქმიანობაზე.
„იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დამყარდა, რის შემდეგადაც ორმა ქვეყანამ განავითარა ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში: პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა. 2022 წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებს მთელი წლის განმავლობაში, რითაც ხელს შევუწყობთ იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებას და ჩვენს ხალხებს შორის კავშირების უფრო მეტად გაძლიერებას.“ აღნიშნულია საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადებაში.