ქართველი მზარეული ირაკლი ბერიძე წლებია უკრაინაში ცხოვრობს.. განსაკუთრებული კერძების რეცეპტებთან ერთად ის სოციალურ ქსელში ჩანახატებს აზიარებს, რომელიც მკითხველს გულგრილს არ ტოვებს…
“ვაზის ყლორტზე ცეროდენა წვეთი წამოსკუპებულა, ფირუზისფერი ციდან მიულოცა ხელმეორედ დაბადება და მიესალბუნა, თითქოს განშორება არც კი უფიქრიაო ისე მიტმასნია და მთის წვეროში არხეინად წამოწოლილი მბზინავი სხივი ვერც კი შეუმჩნევია მალე, რომ გამოფხიზლდება და მთელი ძალით შეანათებს ვარდისფრად აქოჩრილ ხავერდოვან ყლორტებს… დაიძრა წვეთი და ვაზის ულვაშზე ლოკოკინას ენთუზიაზმით შეუდგა გზას, ერთ მომენტში მზის სხივი ისარივით ეძგერა და საოცარი სამყარო გადაუშალა ტკბილ მოგონებებს მოწყურებულ თვალს… ბაბუას თბილი და თამბაქოთი გაჟღენთილი ხელი ვიგრძენი კეფაზე, ბუბუნა სიტყვებს რომ მოაყოლა თან: ბაბული, აი (ეს) ვენახი ჩემი ტოლია, მუუარე, გასხალი და უმღერე ხანდისხან. მე მაშინ მოვკტები აქ ვაზი რომე არ გეიხარეფს და ტყეში ეკალაჲს კრეფა რომე შეგეზარებიან… ყლორტებს შორის გავასწორე მზერა და გაღმა გორაკზე ცეცხლის ალივით ავარდნილ ეკალას ლიანებს შევეფეთე…
სოლოტვინო უკრაინა – რუმინეთის სასაზღვრო ზოლზე გაშენებული დაბაა, მარილიანი სამკურნალო ტბებით ცნობილი საკურორტო ზონა, სამუშაო მივლინებით ჩასული ადგილობრივი ბუნებით დატკბობასაც ვასწრებდი.
ერთხელაც, დილით საზღვარს იქეთა მხრიდან რაღაცამ მიიქცია ჩემი ყურადღება, საზღვრამდე ისე მივედი ვერც კი გავიგე, რამდენიმე ბუჩქნარი ალისფრად ლივლივებდა, ამას აქ არ ველოდი და თვალებგაფართოებულმა ვიყვირე: ეკალა!!! პირველი ასოციაცია ცნობილი ფრაზები იყო ფილმიდან, მერე ჩემი სოფლის სურნელი მეტაკა უმოწყალოდ ემოციებს რომ შეგიტოკებს ისეთი… “ნენი, იგერ რომ სერია იქანაჲ ლუკუმფხაჲ იზდება, წითელი ხე რუმაა, მაქა იცის ეკალამ ძირში ამობარტყება, მოკრიფე და მოხარშე, დაჭარი და დანაყილი ნიგოზი,ქინძი და ნიორი შუურიე, მაგას უხტება ძმარი ანდა კაია ბამბუკის ჟავე და მჭადი…”
რუმინელი მესაზღვრის ჯაჯღანმა გამომაფხიზლა, გამომკითხა ვინაობა, აქ რა მინდოდა, ან იმ ბუჩქს რატომ ვუყურებდი, რავარცხა იქნა ავუხსენი და გაეცინა, თუ გავასინჯებდი რას გავაკეთებდი ამ პირობით მიმიშვა. ვკრეფ ეკალას და ცრემლს ძლივს ვიკავებ, რა ოხერი ყოფილა ეს ნოსტალგია… ნენი, ჰა იყავ ამდენ ხანს? – მომაგება სევდიანი თვალები ორი გავსებული ტომრით მოლასლასე, რომ შემამჩნია – ეკალა ვკრიფე ბები-კი მარა ამტონი რათ გინდა ჭო? ვისი გოგო მოგეწონა ნენი, ქორწილდები ხომ? გადაიკისკისა და გაღმა სერს გახედა…
-ალევია ლუკუმფხაში (ცეცხლის ალია ბუჩქებში – ეკალა გაზრდილა). მესაზღვრის გაკვირვებული და სიამოვნებით გატრუნული თვალები არ დამავიწყდება, დანაპირები ეკალას მირთმევისას, რომ გაქცეოდა ბუჩქებისკენ.
ბამბუკის დამწნილებას მისი მოხარშვა და შეწვა ვარჩიე, ოცი წუთი ვხარშე, მანამდე ერთი საათი თეთრ ღვინოში დავამარინადე. მოხარშული დავსერე, ზეთიანი ტაფა გავაცხელე, გასრესილი ნიორი და ქონდარი მოვხრაკე და ბადისებურად დასერილი ბამბუკის რბილი რგოლი შევწვი. ეკალა მოვხარშე, გავწურე, დავჭერი წვრილად, სამას გრამს 50 გრამი დანაყილი ნიგოზი, ცოტა ქინძი და ნიორი, მარილი და ვაშლის ძმარი 1 ჩ/კ, მწვანე პილპილი გემოვნებით გავუკეთე. სოუსი: ნაღები წამოვადუღე და ლიმონის ცედრა დავუმატე. ასევე ნიგვზისა და ტარხუნისგან გავაკეთე კრემი. ველურად მზარდი მცენარეებისგან არ ველოდი ასეთ საოცარ გემოვნურ ეფექტს…”