ერთი გმირის ისტორია – “დედისთვის გმირულად დაღუპული შვილი საამაყოც არის და განუკურნებელი ტკივილიც”

რევაზ ახალკაცი დაიბადა 1980 წლის 13 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ახალ ნიჩბისში. 2002 წელს, რევაზ ახალკაცი, საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში შევიდა და ჯარში 8 წელი იმსახურა. იყო სამშვიდობო მისიაში – ერაყში. 2008 წლის 7 აგვისტოდან, სერჟანტი რევაზ ახალკაცი, 41 -ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად, მივლინებული იყო კონფლიქტის რეგიონში საბრძოლო მისიის შესასრულებლად. 2008 წლის 9 აგვისტოს, დილის საათებში, მოწინააღმდეგის მხრიდან ინტენსიური ცეცხლის გახსნის დროს, სერჟანტი რევაზ ახალკაცი დაიჭრა, მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა… იგი ადგილზე გარდაიცვალა.
ნატა თუშიშვილი რევაზ ახალკაცის მეუღლე: „ ხასიათით ძალიან მებრძოლი, უშიშარი და სამართლიანი იყო. ძალიან უყვარდა ჯარი. მოსწონდა ჯარის ცხოვრება. ერთმანეთი რომ გავიცანით, რეზო 23 წლის იყო, მე – 18-ის. ძალიან მომეწონა, სხვანაირი ბიჭი იყო. ერაყში იყო წასასვლელი და უცებ გადავწყვიტეთ ერთად ყოფნა და სანამ წავიდოდა, რამდენიმე თვით ადრე გავყევი ცოლად. 6 თვის ორსული ვიყავი, როცა რეზო ერაყში წავიდა. რომ ჩამოვიდა, რუსა უკვე ხუთი თვის გვყავდა. მალევე სერჟანტად დააწინაურეს, პირველ ბრიგადაში გადაიყვანეს. ძალიან დაკავებული იყო, მაგრამ ყურადღებას არ გვაკლებდა, არც ჩვენ და არც პირველ მეუღლესთან შეძენილ ბავშვებს. როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, სულ შინ ყოფნა უნდოდა. დავწვებოდი დასაძინებლად ბავშვთან ერთად, დამირეკავდა, გააღე კარი, მოვედიო. უყვარდა ასეთი სიურპრიზების მოწყობა…
ომი რომ დაიწყო მე და ბავშვი ბაკურიანში ვიყავით. ორი დღის განმავლობაში არაფერი ვიცოდი, ბაკურიანში ტელევიზორი არ გვქონდა. რეზო მირეკავდა, მაგრამ არაფერს მეუბნებოდა. 7 აგვისტოსაც დამიმალა, მარტო ის მითხრა, განგაშია, მაგრამ არ ვიცი, გაგვიყვანენ თუ არაო. მაგრამ შემდეგ გვიან დამირეკა და მითხრა, წაგვიყვანესო. 8 აგვისტოს საღამოსაც ველაპარაკე, მთელი ათი წუთი. იმედიანად იყო, გახარებული. ორ დღეში ყველაფერი დამთავრდება და ჩამოვალო. ეს იყო ბოლო საუბარი, მაგრამ რეზო, რაც არ უნდა ყოფილიყო, დილით მესიჯს მიგზავნიდა ხოლმე და მშვიდობის დილას მისურვებდა. 9 აგვისტოს დილის 7 საათზე მომწერა. არ მეძინა, იმ წამსვე მივწერე: რეზ, დაგირეკავ-მეთქი. მომწერა, მე კარგად ვარ და თავს გაუფრთხილდიო. დღემდე მაქვს შენახული ეს ორი მესიჯი, ბოლო მესიჯები იყო. ვეღარ მოვასწარი დარეკვა…
ზემო ნიქოზში დაიღუპა. ბოლოს ისეთ პოზიციაზე აღმოჩნდნენ, ბრძოლა შეუძლებელი იყო, სნაიპერებით იყვნენ გარშემორტყმულნი. თავისი ბიჭები გამოიყვანა. მიყვებიან, გვითხრა, თქვენ წინ იარეთ, ზურგს დაგიფარავთო. რომ გამოვედით და მოვიხედეთ, რეზო აღარსად იყო, ვერ ვნახეთო. ასმეთაურთან ერთად, უკან შებრუნდა. იქ მისი ძმაკაცი – ზაზა დარჩა, ჩვენი ბავშვის ნათლია. არ მიატოვა რეზომ მეგობარი. ბევრი დაიხოცა, როგორც ვიცი, ბოლოს იქ 17 ადამიანი იყო და ცოცხალმა მხოლოდ 6-მა გამოაღწია. ბოლოს, რეზოს ჯავშანჟილეტი აღარ ეცვა. როგორც ბიჭებისგან ვიცი, გაიხადა და თავის 18 წლის ჯარისკაცს ჩააცვა…როცა შებრუნდნენ, სნაიპერები ისროდნენ. როგორც მე ვიცი, ზაზას მოხვდა პირველი ტყვია, ყელში დაიჭრა, „დედას“ დაძახებაღა მოასწრო და დაიღუპა. ეს რომ ნახა რეზომ, ცეცხლი გახსნა. უკვე ყველა ისროდა. რამდენიმე წუთში ასმეთაურიც, ზურა შამათავაც დაჭრილა ყელში, გამავალი ჭრილობით. ერთი ჯარისკაცი საშველად მივარდნილა და ისიც ზედ დაუკლავთ. რეზოც ცდილობდა შველას, მაგრამ თვითონ ზურასგან ვიცი, რომ მასვე გაუჩერებია ყველა, აღარავინ მომეკაროთო. მალე რეზოც დაიჭრა ფეხში, უფრო გამწარებულს დაუწყია სროლა შემდეგ მკლავში დაჭრილა. ხეს ამოფარებია,ბოლოს კი ყელში – გამავალი ტყვიით. ბიჭები მიყვებიან, რომ რეზოს ერთი „აბოიმა“ ჰქონია შენახული და ბიჭებსაც მოუწოდებდა, ბიჭებო, ტყვიები შეინახეთო. დაჭრილები ტყვედ რომ არ ჩავარდნოდნენ და თავები დაეხოცათ. ბოლოს, მანქანა შეუყვანიათ დაჭრილების გამოსაყვანად. ზურას აყვანა მოუსწრიათ, გონდაკარგული ყოფილა, თბილისში, საავადმყოფოში მოსულა გონს. რეზო რომ უნდა დაესვათ, უკვე დაბომბვა დაწყებულა, მანქანა სასწრაფოდ გამოუყვანიათ, რეზო ვეღარ გამოიყვანეს და სისხლისგან დაიცალა… მე ყველა მიმალავდა რეზოს ამბავს, ყველას უმძიმდა, მაგრამ ცხრაში საღამოს რომ არ შემეხმიანა მივხვდი, რომ კარგი ამბავი არ ტრიალებდა ჩემს თავს. დავიწყე მეგობრებთან, მათ ცოლებთან რეკვა. ერთ-ერთი ძმაკაცის ცოლმა მითხრა, ჩემს ქმარსაც ვერ ვუკავშირდებიო. მერე როგორღაც დავუკავშირდი მის მეგობარს, რომელმაც მითხრა, არაფერი ვიცი ნატო, დაბომბვა დაიწყო, ყველა მიიფანტ-მოიფანტა, არავინ არ ვიცით, სად არის და როგორ არის, ბოლოს რომ ვნახე, მანქანაზე იყო და შეჰყავდათო. მკვდარი არავის ენახა და იმედი მქონდა. მინდოდა, ცოცხალი ყოფილიყო, თორემ ვიცოდი, რომ ის ტყვედ არ ჩავარდებოდა. მერე დეენემის პასუხიც მოგვივიდა, სოფელში გადავასვენეთ. რეზოს დაღუპვის დღეებში, ბავშვი მთელი კვირა ცუდად მყავდა. ეტყობა, სიზმარში ხედავდა, იღვიძებდა, მამას ეძახდა. მერე ნელ-ნელა შეეგუა. მაგრამ ელოდება მაინც, თავისებურად ელოდება…“
რუსუდან ახალკაცი – რთველიაშვილი, რევაზ ახალკაცის დედა: ” სკოლა ნიჩბისში დაამთავრა. სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში გააგრძელა, მაგრამ რამდენიმე თვეში მიატოვა და 18 წლისამ ახლად შექმნილ „კომანდოს“ ბატალიონში დაიწყო სამსახური… მებრძოლი ხასიათის იყო, უსამართლობას, სუსტის დაჩაგვრას ვერ ეგუებოდა. ჯიშიც მებრძოლების ჰქონდა, მისი პაპის ძმები მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ, რასაც სულ სიამაყით ამბობდა ხოლმე. სანამ ომში წავიდოდა, ჩამოსული იყო. ყველას დაგვემშვიდობა ოჯახში, მეზობლებს. ჩამეხუტა და მითხრა, დედა შეიძლება ვეღარც გნახოო. რა ხდება მეთქი, ასე რატომ ამბობ და მომატყუა სწავლებაზე უნდა წავიდე, ერაყში ვაპირებ ისევ წასვლასო. ალბათ გული უგრძნობდა.. მერე გავიგეთ, რომ ომში იყო, იქიდან რამდენჯერმე დარეკა. 9 აგვისტოს დაიღუპა ჩემი რეზო. 3 შვილი დარჩა, პატარები. კარგად არც ახსოვთ მამა. რა უნდა ვთქვა, დედისთვის გმირულად დაღუპული შვილი საამაყოც არის და განუკურნებელი ტკივილიც.”
მალხაზ ქანთლიანი, რევაზ ახალკაცის მეგობარი: “საუკეთესო ჯარისკაცი იყო, უნივერსალური. თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული. ოჯახის, მეგობრების მოყვარული. ეს იყო კაცი სიყვარულით და სიკეთით სავსე. აგვისტოს ომის დროს ერაყში ვიყავი მისიაზე, ომი რომ დაიწყო ჩამოგვიყვანეს. მე რომ ჩამოვედი, იმ ღამეს დაიღუპა რეზო. ჩვენ ჯარში გავიცანით ერთმანეთი მრავალი წელი ვმეგობრობდით, ნათლიობას ვგეგმავდით, მაგრამ ვერ მოვასწარით. ოჯახმა, მეგობრებმა ღირსეული პიროვნება დავკარგეთ, სამშობლომ კი ღირსეული ჯარისკაცი.!”
რევაზ ახალკაცი დაჯილდოებულია მედლით „უმწიკვლო სამსახურისთვის“ და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ.
წყარო: სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური