უკრაინისა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობები საუკუნეების სიღრმიდან ჩამოყალიბდა.
ამ ორი მაღალი კულტურის ხალხს სარწმუნოებაც ერთი ჰქონდა. დიპლომატიური, სამხედრო თუ სავაჭრო კავშირები საშუალებას იძლეოდა ქართველებსა და უკრაინელებს კარგად გაეცნოთ ერთმანეთი.
მნიშვნელოვანი ფაქტი ორი ეროვნების ისტორიაში არის ის, რომ უკრაინას ქართველი დედოფალი ჰყავდა.
უკრაინელი მემატიანის 1154 წლის ამბების აღწერისას საგანგებოდ აქვს აღნიშნული, რომ კიევის მთავარმა იზიასლავმა ცოლად შეირთო ქართველი მეფის დემეტრე I – ის ასული რუსუდანი – დავით IV აღმაშენებლის შვილიშვილი, ამასთან დაკავშირებით შემორჩენილია რამდენიმე მინიატურა.
უკრაინაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი რაულ ჩილაჩავა წერს:
“უკრაინაში 1967 წელს ჩამოვედი, უკრაინული ენის შესასწავლად გამომაგზავნა უნივერსიტეტმა. მაშინვე წავედი კიევის სოფიის ტაძარში, სადაც დიდხანს ვუყურე ღვთისმშობლის ხატს, ის მეცამეტე საუკუნეში კიევის მთავრის იზიასლავ მსტისლამოვიჩის ქართველი მეუღლის დედოფალ რუსუდანის ქართველმა ხატმწერმა მოხატა. ისე შემძრა, რომ პირველად დავწერე ლექსი უკრაინულ ენაზე. ქართველ დედოფალს უკრაინაში ქართველ ხატმწერთა ჯგუფი გამოაყოლეს.“
კიევის უდიდესი კიევ-პეჩორის ლავრაც ათონის ქართული მონასტრის ასლია.
როცა ქართულ – უკრაინულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ უკრაინული კაზაკობა.
რუსეთ-თურქეთის ომის დროს (1853 – 55 წწ.) სამეგრელოში შემოჭრილი ოსმალური არმიის წინააღმდეგ ქართველებთან ერთად ზაპოროჟიელი კაზაკებიც იბრძოდნენ.
ქართულ – უკრაინული მჭიდრო ურთიერთობების შესახებ საუბრისას წარმოუდგენელია არ ახსენო დავით გურამიშვილი, რომელიც 1759 წლიდან დამკვიდრდა ქ. მირგოროდში. დავით გურამიშვილმა გენიალური პოემა „დავითიანი“ სწორედ მირგოროდში დაწერა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის და ეკატერინე ჭავჭავაძის უმცროსი ვაჟიშვილის, პირველი ქართველი მოჭადრაკის ანდრია დადიანის ურთიერთობა უკრაინასთან.
1894 – 95 წლებში ანდრია დადიანი საცხოვრებლად გაემგზავრა კიევში, სადაც დაახლოებით ოცი წელი გაატარა.
ზუგდიდის დადიანების სასახლეში დაცულია ანდრია დადიანის კიევის სასახლის გრაფიკული ნახატი და ინტერიერის ამსახველი ფოტოები. თავადს სასახლე ქალაქიდან მოშორებით გაუშენებია. ამ სამსართულიან, ვარდისფერი ქვით მოპირკეთებულ საოცრად ნატიფ შენობას, თავადის საგვარეულო გერბი ამშვენებდა, შიგნით კი იატაკი ჭადრაკის დაფის მსგავსად იყო დაგებული.
სამეგრელოს მთავრის უმცროსი ვაჟიშვილი 1910 წელს კიევში გარდაიცვალა.
ანდრია დადიანის კიევის სასახლე მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა.
მუზეუმში დაცულია მე-19 საუკუნის უცნობი მხატვრის ნამუშევარი(1862) – ქალი უკრაინულ ტანისამოსში. ერთი ხელით ეყრდნობა დეკორატიული აივნის მოაჯირს.
ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია, ცნობილი უკრაინელი პოეტისა და პუბლიცისტის ლესია უკრაინკას მოღვაწეობა საქართველოში. მან არა ერთი ლექსი მიუძღვნა ჩვენს სამშობლოს.
ზუგდიდისა და ტალალაევკის (უკრაინა, ჩენრიგოვის ოლქი) მეგობრობა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს სათავეს.
მუზეუმის ფონდებში ინახება ამ მეგობრობის ამსახველი ფოტოები და სუვენირები. ასევე, რამდენიმეჯერ იყო ჩასული ზუგდიდელთა დელეგაცია უკრაინაში და უკრაინელებს მასპინძლობდნენ ზუგდიდში.
წყარო:დადიანების სასახლე – გიორგი კალანდია – “დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი” (გზამკვლევი)