თბილისის ქუჩებში ახალი პლაკატები გამოჩნდა QR კოდით, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისს “სთავაზობს”. QR კოდის დასკანერების შემდეგ კი, რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიაზე ჩნდება ინფორმაცია რუსულ და ინგლისურ ენებზე.
ეს არის 6 ადამიანის შემუშავებული სამეგობრო ინიციატივა და ხუთი მათგანი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და სტუდენტები არიან.
“ამ ინიციატივის მიზანია უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ადამიანებისთვის სიმართლის გაცნობა და მათში ადამიანური ემოციების აღძვრა. ინიციატივის ავტორებმა მოახდინეს იმ საჭიროებების იდენტიფიცირება, რაც შეიძლება ჰქონდეთ საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს და ამის მიხედვით შეადგინეს პლაკატები: ბინის ქირაობა, საბანკო ანგარიშების გახსნა, რესტორნები, ტურები და მუსიკალური ღონისძიებები.
მათ ხუთი სახის პლაკატი მოამზადეს და გააკრეს თბილისში. მაგალითისათვის, ერთ-ერთ პლაკატს აწერია ინფორმაცია გასაქირავებელი სახლების შესახებ და რომ ფასდაკლებისთვის უნდა დაასკანერონ კოდი. კოდის დასკანერების შემდეგ კი, იხსნება ვიდეო, რომელშიც ასახულია უკრაინელი ატირებული ბავშვი, რომელიც უსახლკაროდ დარჩა. ერთ-ერთი პლაკატი „სთავაზობს“ საუკეთესო ტურებს საქართველოში და პლაკატს აწერია, რომ პირველი უფასო ტურის მისაღებად საჭიროა დასკანერება. კოდის დასკანერების შემდეგ კი, აფხაზეთის ომის დროს გადაღებული კადრები ჩნდება“, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.