თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 14 თებერვლის განკარგულებით: „უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებას აეკრძალა და არ მიეცემა უფლება, საგზაო ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელად დატოვოს თურქეთის ტერიტორია“.
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეგულაცია ძალაში შევიდა 2018 წელს, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თურქული ნაწილი არ იყო ჩართული ერთიან ელექტრონულ ბაზაში. შესაბამისად, თურქეთის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტომანქანებზე გამოწერილ საგზაო ჯარიმებზე წვდომა არ ჰქონდა ზემოხსენებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს.
ამასთან, საყურადღებოა, რომ 2022 წლის 7 მარტიდან სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თურქულ ნაწილში ხსენებული ელექტრონული ბაზა უკვე ამოქმედდა და შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც უფიქსირდებათ სხვადასხვა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმა, ჯარიმის გადაუხდელად ქვეყნის დატოვებას ვეღარ შეძლებენ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ამ ეტაპისთვის შეუძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით ჯარიმების გადახდა. სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციის განმარტებით, მ/წლის 15 მარტიდან საბაჟოზე ამოქმედდება პოს-ტერმინალი, რის შემდეგაც ჯარიმების გადახდა ასევე შესაძლებელი გახდება საბანკო ბარათებით“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.