„ვუდსაიდ დიღომის“ სამშენებლო სამუშაოებს „დეკა ქონსთრაქშენი“ განახორციელებს. სამშენებლო კომპანია „მოდულის“ მიერ შეჩერებულ მშენებლობაზე, რომელიც თბილისში, კერძოდ კი, კ. ჩაჩავას ქუჩაზე მდებარეობს, სამშენებლო პროცესი მარტის პირველ რიცხვებში დაიწყო და 20 თვეში დასრულდება.
„ვუდსაიდი დიღომი“ განსაკუთრებული პროექტია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ-არქიტექტორული გეგმარებით, არამედ იმ ფაქტითაც, რომ მის დასრულებას ათობით დაზარალებული ოჯახი ელოდება. დიღმის ტყე-პარკის ახლოს მდებარე კომპლექსი გამოირჩევა გამწვანებული ეზოთი, ბავშვთა სათამაშო და სპორტული მოედნებით, ინკლუზიური გარემოთი, აქტიური და პასიური დასვენების ზონებით, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგით, ველობილიკებით, ელექტრომობილების დამტენებითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით. ფაქტობრივად, ყველაფერი, რის გამოც მობინადრეებს საცხოვრებელი ადგილებიდან შორს უწევთ ხოლმე წასვლა, მათივე ეზოში მოიყრის თავს. კომპლექსის ტერიტორიაზე, ბევრ საინტერესო და სასიამოვნო დეტალთან ერთად, ჩიტებისთვის პატარა სახლებსა და საკვებურებსაც კი შეხვდებით.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორის გაცნობითა და გათვალისწინებით, „ვუდსაიდი დიღომის“ სამშენებლო პროცესს „დეკა ქონსთრაქშენის“ გუნდი დიდი პასუხისმგებლობით შეუდგა.
„ჩვენ მიერ აღებული ვალდებულების ფარგლებში, მნიშვნელოვანია სამშენებლო პროცესის დროულად და ხარისხიანად დასრულება. როდესაც „ვუდსაიდ დიღომს“ გავეცანით, აღვნიშნეთ, რომ პროექტი იდეალურად იყო დაგეგმარებული. აღსანიშნავია კომფორტული საცხოვრებელი ბინები, კეთილმოწყობილი ეზო, დახურული სივრცე, ხე-ნარგავები, ეკოლოგიური და სუფთა გარემო, დილით ჩიტების ჭიკჭიკი… მოკლედ, ყველაფერი, რაც სიმშვიდის, სიმყუდროვისა და დაცულობისთვისაა საჭირო.
გამოწვევაა, როდესაც სხვის მიერ დაწყებულ მშენებლობაზე გიწევს მუშაობა. უნდა იცოდე, თუ რა გაითვალისწინა მშენებლობისას ძველმა კომპანიამ და როგორ წარმოებდა სამშენებლო პროცესი. ამისათვის, დეტალურად აანალიზებ შენობას და ასევე, სხვადასხვა ვიწრო დარგის სერტიფიცირებული, აკრედიტებული კომპანიების დასკვნებს ეყრდნობი. ჩვენი მიზანია, პროექტის მიხედვით, ზუსტად ვაწარმოოთ სამშენებლო პროცესები, რათა შევქმნათ იდეალური გარემო პირობები, როგორც დაზარალებულთათვის, ასევე ახალი მობინადრეებისთვის. “ – აღნიშნა კომპანია „დეკა ქონსთრაქშენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, იოსებ ხარჩილავამ.
პროექტ „ვუდსაიდ დიღომის“ მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, პროექტი გამოცდილ და სანდო კომპანიას განეხორციელებინა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად, „დეკა ქონსთრაქშენი“ მხოლოდ 1 წელია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, გუნდს, რომელიც კომპანიის უკან დგას, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. თავდაპირველად, ის მრავალპროფილური კომპანია „GTC ჯგუფის“ გუნდს წარმოადგენდა, რომელიც უშუალოდ სამშენებლო მიმართულებით მუშაობდა. „დეკა ქონსთრაქშენი“ კი დღეს „GTC ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელსაც ყველა საჭირო რესურსსა და მდიდარ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე მიუწვდება ხელი.
2013 წელს „GTC ჯგუფმა“ მოღვაწეობა საქართველოს რეგიონებში მშენებლობით დაიწყო. სწორედ ის იყო პირველი კომპანია, რომელმაც მარნეულში საბჭოთა კავშირის შემდეგ პირველმა ააშენა მრავალფუნქციური კორპუსი. ასე დაიწყო „GTC ჯგუფის“ სამშენებლო გუნდის და ახლა უკვე „დეკა ქონსთრაქშენის“ ისტორია ქართულ ბაზარზე. გასული 1 წლის მანძილზე კომპანიამ არაერთ პროექტზე იმუშავა. მალე დასრულდება კრწანისში მდებარე, 23 000 კვ.მ. ფართის მქონე მრავალფუნქციური საცხოვრებელი შენობა, რომელიც „დეკა ქონსთრაქშენმა“ 5 თვეში ააშენა. იოსებ ხარჩილავას განმარტებით, დროის თვალსაზრისით, ეს საოცარი შედეგია. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ „GTC ჯგუფი“ ავსტრიული საერთაშორისო ბრენდის, „დოკას“ ინოვაციური საქარგილე მასალების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
„ვუდსაიდი დიღომი“ არის პროექტი მათთვის, ვინც კომფორტული შენობა-ნაგებობის გარდა, ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და ჯანმრთელი ცხოვრების წესს განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს.