თითქმის ყველა სახელმოხვეჭილი ქართველი მწერალი მინახავს ცნობილი პედაგოგისა და დიდი ქართველი მამულიშვილის სიმონ სხირტლაძის ოჯახში. შეიძლება ითქვას, რომ მისი დაბალჭერიანი ბინა გოგებაშვილის ქუჩაზე, თბილისში, ჭეშმარიტი ინტელიგენტისათვის ერთგვარი სალონი და პატივაყრილ საქართველოზე მოფიქრალ ხელოვანთა თუ მეცნიერთა გულის მოსაოხებელი სახლი იყო ათეული წლების განმავლობაში (ერთხელ ამ ოჯახში შესვლისას გალაკტიონს წამოუძახია-გაუმარჯოს დაბალ ჭერს და მაღალ სულსაო). ვის არ ნახავდი აქ, მწერლებს თუ ისტორიკოსებს, მეცნიერებს თუ ფილოსოფოსებს, მსახიობებს თუ მხატვრებს, პედაგოგებს თუ ფალავნებს, ხელოსნებს თუ გლეხებს, საერთოდ, უკეთილშობილეს ადამიანებს საზოგადოების ყველა ფენიდან. ბევრჯერ მინახავს ამ ოჯახში ქუთაისსა და მთელ საქართველოში სახელგანთქმული პიროვნებები და მათ შორის სიმონ სხირტლაძეს გამორჩეულად უყვარდა სანდრო მხეიძე-ღვთაებრივი მომღერლის, ზინა იშხნელის მეუღლე, ბრწყინვალე მამულიშვილი და ვაჟკაცი, აგრეთვე-ფენომენალური ძალის მქონე ჟორჟიკა იაშვილი, რომელსაც ერთხელ ალექსანდრე ქუთათელმა ჰერკულესი უწოდა. რა თქმა უნდა, საუბრები იმართებოდა მუდამ სუფრასთან, ღარიბულ, მაგრამ გულწრფელ სუფრასთან, სადაც ზომიერების გრძნობა საზღვარს არასოდეს გადასცდებოდა, რადგან თამადა-მჭევრმეტყველი, გულისხმიერი და ამავე დროს, წინაპართა ტრადიციების დამცველი, ბატონი სიმონი, ამის უფლებას არავის აძლევდა. მე არ მახსოვს იმ ოჯახში ჩვეულებრივი, თუ შეიძლება ასე ითქვას, რიგითი ქეიფი. სუფრასთან მუდამ ერთმანეთს ენაცვლებოდა მხიარულება, სიმღერა და-გარინდება, სიჩუმე, ბევრის მთქმელი სიჩუმე და ცრემლები-ხან სიხარულის იმედით და ხან მოსალოდნელი გადაგვარების შიშით მოგვრილი ცრემლები… და მაინც, საბოლოოდ, გულანთებული მასპინძელი იმ აზრს უნერგავდა თითოეულ სტუმარს, განსაკუთრებით-ხელჩაქნეულებს, რომ ჩვენ რახან დღემდე მოვედით, გადავრჩით, ვეღარავითარი მტერი მოგვერევა. ასე დაიმედებულები და წელში გამართულები დგებოდნენ სუფრიდან სიმონ სხირტლაძის მეგობრები და მისი თაყვანისმცემლები და ალბათ ამიტომაც უყვარდა იგი ყველას, ახლობელსა თუ შორებელს, განათლებულსა თუ უსწავლელს, გამორჩეულად კი-ქართველ მწერლებს.
ბევრჯერ მინახავს იმ ოჯახში კოლაუ ნადირაძე, გამიცილებია კიდეც რამდენიმეჯერ გვიან ღამით სახლამდე. რაინდული სულის პოეტს, ისეთ ატმოსფეროში, როგორსაც სიმონ სხირტლაძის თამადობა ქმნიდა, საღერღელი ეშლებოდა და იმ არაადამიანური კომუნისტური რეჟიმის პარპაშის წლებში თავის გულისნადებს აღსარებასავით ამოთქვამდა (ისევე, როგორც სხვა ბევრი გამოჩენილი მწერალი). სხვათაშორის, კოლაუ ნადირაძემ სამოციან წლებში დაწერილი თავისი შესანიშნავი ლექსი, საქართველოში ბოლშევიკური ბანდის შემოსვლას რომ იგონებდა, სიმონ სხირტლაძეს წაუკითხა პირველად, უძღვნა და თან თხოვა, საიმედოდ გადაემალა (ეს მომხდარა “ინტურისტის” ბაღში). იმ დროისათვის ასეთი რამის დაწერა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, თავდადების ტოლფასი იყო (“მერანში” კი, სადაც ეს ლექსი მოგვიანებით დაიბეჭდა მხოლოდ იმის იმედით, რომ ცენზურა ნამდვილ აზრს ვერ ჩახვდებოდა, რამდენიმე ადამიანს, კომუნისტური ტერმინოლოგიით, “დოყლაპიობისთვის”, სამსახური მაინც დაატოვებინეს).
ერთხელ (მახსოვს, ზაფხული იყო), ბატონმა სიმონმა თავის ოჯახში სტუმრები გააფრთხილა-აქ მალე კოლაუ მოვა და გთხოვთ, თუ მან გალაკტიონის კრიტიკა დაიწყოს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, არ შეეკამათოთო. მართლაც, ცოტა ხანში მობრძანდა ბატონი კოლაუ და სუფრა კიდევ უფრო გამდიდრდა. თამადის რამდენიმე ორიგინალური სადღეგრძელოს შემდეგ ბატონმა კოლაუმ უცებ წამოიძახა:
-ბლოკნოტი დამავიწყდა წამომეღო, ბლოკნოტი! სპეციალურად გახაზირებული,-და ვითომდა აფორიაქებულმა თეთრი კიტელის ჯიბეები მოიქექა ხაზგასმული დაშინებული გამომეტყველებით.
მისი ეს ხუმრობა ერთ-ერთმა სტუმარმა ვერ გაიგო და ჰკითხა თავაზიანად-რა ბლოკნოტი დაგრჩათ ასეთი, ბატონო, თუ გნებავთ, მე მაქვს და მოგართმევთო.
-სიმონიკა სხირტლაძე რომ სადღეგრძელოს ამბობს, ყველას ბლოკნოტი უნდა ეჭიროს ხელში და კალამ-კალმისტარი მისი ოქროს სიტყვების ჩასაწერად, აბა!-წამოიყვირა უცებ ბატონმა კოლაუმ და ხელი გაშლილი თითებით მაღლა აღმართა. აშკარად ემჩნეოდა, რომ ის სტუმარი, რომელმაც კითხვა დაუსვა და მის წინ იჯდა, თვალში არ მოუვიდა და აითვალწუნა. არც ის მოსწონდა, როცა ის კაცი სასმისს უპიპინებდა და ამით ისე გაღიზიანდა, დაუყვირა კიდეც-ჭიქას ნუ ახრჩობ და საერთოდ, ნუ იწუხებთ თავსო. ბატონმა სიმონმა იმ სტუმარს ღიმილით ანიშნა-არაფერი წყენოდა და მერიქიფეობა სხვას დაავალა. მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ, როცა პოეტისაგან შერისხულმა სტუმარმა სიტყვა სტალინზე და მის გენიოსობაზე ჩამოაგდო (იმ ოჯახში, როგორც ყველგან, ასეთებიც დადიოდნენ), მაშინ სულ შეიშალა ბატონი კოლაუ და პროტესტის გამოსახატავად მაგიდის ბოლოში, სხვა სკამზე გადაჯდა. თამადამ, რა თქმა უნდა, დაძაბულობა მაშინვე განმუხტა (ბატონ სიმონს სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად ამისი განსაცვიფრებელი ნიჭი ჰქონდა) და სუფრაზე ისევ საერთო კეთილგანწყობა გამეფდა, მაგრამ, მოულოდნელად (თუმცა, არცთუ მთლად მოულოდნელად), ბატონმა კოლაუმ გალაკტიონის გაქიაქება წამოიწყო და ისეთ ეშხში შევიდა, რომ დიდი პოეტის ბურთაობა სუფრის მთავარ თემად აქცია. თან, დროდადრო, ათვალწუნებულ სტუმარს ისე გადახედავდა, თითქოს გასარტყმელად იწევდა. აშკარა იყო, რომ ამას იგი ახლა აკეთებდა მხოლოდ იმ განზრახვით, რომ მისგან შერისხული კაცი შანტაჟში ჩაეთრია და მერე მოესპო. ყველანი გასუსულები უსმენდნენ პოეტის უკიდურესად უცნაურ, ახირებულ არგუმენტაციას, რაც, თავისთავად, ძალზე საინტერესო იყო და ამავე დროს წამდაუწუმ მომღიმარ თამადას ესროდნენ წამიერად მზერას, იმის ნიშნად, რომ ახსოვდათ მასპინძლის თხოვნა-გალაკტიონის შესაძლო გაკრიტიკებისას კოლაუს არავინ შეკამათებოდა.
-რა უნდა იმ ლექსში სიტყვა “ზღვას”,-ხელების ქნევით და თვალების ბრიალით გაიძახოდა პოეტი,-რა უნდა იმ ლექსში ზღვას!
ხმას არავინ იღებდა (რომელ ლექსს გულისხმობდა, არ მახსოვს).
ბატონი კოლაუ კი განაგრძობდა დღემდე გაუგონარი არგუმენტების ჩამოთვლას და ბოლოს, იმით კმაყოფილმა, რომ შერისხული სტუმარი ენის შებრუნებას ვერ უბედავდა, ორ-სამჯერ მას ქედმაღლურად გადახედა, სუფრის რამდენიმე წევრმა კი პოეტის საამებლად თავი მორჩილად დააქნია და ამით თითქოს ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. მაგრამ, თურმე უბედურება ახლა იწყებოდა: შერისხული სტუმარი, პროფესიით ფილოლოგი და როგორც თვითონ გაგვეცნო, ლექსთმცოდნეობის თეორეტიკოსი, უცებ წელში გასწორდა, მხრები შეათამაშა და გამყივანი ხმითა და ნიშნისმოგებით, ხმამაღლა წარმოთქვა:
-დიახ, მაგრამ, პატივცემულო ნიკოლოზ, თანამედროვეობის გამოჩენილ პოეტ გალაკტიონ ტაბიძეს ხომ უამრავი ისეთი ლექსი აქვს, რომლებშიდაც სიტყვა “ზღვა” არ მოიხსენიება, რაც ყოველ მის ტომში დასტურდება. ეს კი, ჩემის თვალსაზრისით, საკამათო არ უნდა იყოს, თუ გვინდა, რომ ობიექტური ვიყოთ.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ავის მომასწავლებელი სიჩუმე.
ყველანი კოლაუ ნადირაძის აფეთქებას ელოდნენ.
სიმონმა მოწყვეტით ჩაიქნია ხელი და წამოდგა.
ბატონი კოლაუ გაქვავებულივით იჯდა, ხელები მაგიდაზე ეწყო და იყურებოდა წინ, სადღაც შორს და ხმას არ იღებდა. მერე უცებ ჩანგალი აიღო, თეფშზე დაარაწკუნა და ვითომაც ამოჩემებული სტუმრის სიტყვები არც გაუგონიაო, ოდნავ ხმამაღლა და ამჯერად დამცინავი ტონით ისევ წამოიძახა:
-რა უნდა იმ ლექსში სიტყვა “ზღვას”! რა უნდა იმ ლექსში ზღვას!
და მერე ღვინით სავსე ჭიქას დაავლო ხელი და ფეხზე მდგომ თამადას ისე შეხედა, რომ თხოვდა, სადღეგრძელო შეეხსენებია.
ლექსთმცოდნეობის თეორეტიკოსის გამოსვლით უკმაყოფილო სტუმრებმა ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს: ჯერ ეს “პატივცემულო” რა იყო, მერე ეს “ნიკოლოზ” რა იყო, ბოლოს, მასპინძლის თხოვნის დავიწყება რა იყო და საერთოდ, ვინ იყო ეს კაცი და როგორ მოხვდა რჩეულ საზოგადოებაში, აქ!-ამას ამბობდა მათი გამომეტყველება. ბატონმა სიმონმა, მისთვის ჩვეული უიშვიათესი ტაქტით, სულ სხვა კალაპოტში გადააგდო ოდნავ უკვე შეტორტმანებული სუფრა და გამეფებული დაძაბულობა მაშინვე გაქრა. ღვინით უკვე გათამამებულმა შერისხულმა სტუმარმა, სხვა სიკეთესთან ერთად, სმენის ნატამალიც რომ არ გააჩნდა, სიმღერა წამოიწყო და რომ არავინ აჰყვა, ნირწამხდარი მაშინვე ჩაჩუმდა. ამის შემდეგ არ გასულა ათიოდე წუთიც და უცბად ბატონმა კოლაუმ წამოიძახა:
-ყველაფრის მცოდნეობა გამიგია მე, ტროლეიბუსის მცოდნეობა, კოჭის ძაფის მცოდნეობა, ტყემლის ტოტის მცოდნეობა, მარა, დავბერდი კაცი და ლექსისმცოდნეობა არ გამიგია ჯერ ამ ქვეყანაზე.
ატყდა თავშეუკავებელი ხარხარი.
-თქვენ გაგიგიათ რომელიმეს?-არ ეშვებოდა ამოჩემებულ სტუმარს კოლაუ და თანამეინახეებს უაღრესად სერიოზული ტონითა და გამომეტყველებით უმეორებდა კითხვას.
ათვალწუნებულმა სტუმარმა წასვლა დააპირა (ბოლოს და ბოლოს იგრძნო ალბათ რაღაც), მაგრამ თამადამ ისეთი სადღეგრძელო შესვა ცხოვრებაში ახლად გაცნობილ კაცზე და საერთოდ წუთისოფელზე, რომ ლექსთმცოდნეობის თეორეტიკოსი და ბატონი კოლაუ ცრემლმორეულები იხუტებდნენ ერთმანეთს გულში…
მერე, როცა სახლში გავაცილე ცისფერყანწელების ორდენის რაინდი, გზაზე, ტაქსში, წამდაუწუმ იმეორებდა:
-რა კაცია, სიმონიკა, ხედავ შენ? ბევრი დღესაც არ იცნობს ისე, როგორც საჭიროა. ამ ხნის ვარ და მაგისთანა კაცი ქვეყანაზე არსად შემხვედრია. მტერი რომ იყოს შენი, მტერი, დაუძინებელი მტერი, იმასაც კი შეგაყვარებს, აბა! არა, არა, ამ საუკუნის შვილი არაა, ნამდვილად. მე თუ მკითხავ, მაგი ილიას დროს უნდა დაბადებულიყო. ჰო, ილიას დროს…
მისი სახლის სადარბაზოსთან რომ მივედით, ვეღარ მოვითმინე და შევბედე ნაძალადევი ღიმილით-ბატონო კოლაუ, ტყემლის ტოტის მცოდნეობა თუ არსებობს ნამდვილად ამ ქვეყანაზე-მეთქი.
ჩაიფხუკუნა და მითხრა:
-ყველაფერი არსებობს, ლექსის კეთების მცოდნეობის გარდა, ყველაფერი! და თუ არსებობს, მხოლოდ უნიჭოებისათვის.
მერე გადამკოცნა და უფლება არ მომცა, ამეცილებინა თავის სართულამდე.
კიბეს მარტოდმარტო აუყვა მაღლა…
“მწვანეყვავილა”. # 2,
2000 წელი