5 მარტი ქართველი პოეტისა და მწერლის – თამაზ ჭილაძის დაბადების დღეა, ამონარიდი წიგნიდან „ოთართან ერთად“..
„და მაინც ჩვენი ოჯახური გალაქტიკის ცენტრში დედა იდგა. ოთარი წერდა: (ჩვენზე) “დიდი გავლენა მოახდინა მამამ, რომელიც განათლებული კაცი გახლდათ და, ბუნებრივია, სურდა რომ ჩვენც მასავით გვყვარებოდა მწერლობა. და მაინც, განსაკუთრებული წვლილი, ალბათ, დედის ბუნებას მიუძღვის. დედა ყველაზე დიდი პოეტია ჩვენს ოჯახში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენგან განსხვავებით, უაღრესად პოეტური ურთიერთობა აქვს გარე სამყაროსთან. ისე არ ჩაიდებს ლუკმას პირში, ჯერ ჩიტებს რომ არ დაუყაროს პურის ფინჩხები სარკმლის რაფაზე.ჩიტებიც ისე ჰყავს მიჩვეული, საკენკის გატანა თუ დაუგვიანდა, ნისკარტით უკაკუნებენ სარკმელზე. სამაგიეროდ, ისინიც პატივს სცემენ თავიანთ მფარველსა და ქომაგს – თუთის ნაყოფს მოართმევენ ხოლმე ძღვნად. განა ესეც პოეზია არ არის?”
დედა ჩვენი აივნის ჩიტების მეგობარი, ბუნების სილამაზის დამნახველი, გლახის გამკითხველი, გაჭირვებულის დამხმარე, საერთოდ ადამიანის შემბრალებელი იყო. ზოგჯერ ისეთ ვინმეზე იტყოდა საცოდავიო, ვისაც თითქოს არაფერი ჭირდა შესაბრალისი, თუმცა, ვინ იცის… დედა იყო ჩვენი ნათესაობის იმედი, ყველა მისკენ მოისწრაფოდა. ისიც ყველას ერთნაირად უნაწილებდა იმას, რაც ყველაზე მეტად აკლდა და ენატრებოდა ადამიანს – გაგებასა და თანაგრძნობას.
მამა რომ ლოგინად ჩავარდა, დედა მხოლოდ 29 წლისა იყო. ამ მარტოხელა ქალმა, როგორც მოწყალების დამ, ფრონტის წინა ხაზიდან დაჭრილი მეომრები, ზურგზემოკიდებულები გამოგვიყვანა საშინელი განსაცდელიდან, ფაქტობრივად, გადაგვარჩინა მამაც, მეც, ოთარიც და თინაც…თამამად შეიძლება ითქვას, ოთარის ყველაზე დიდი მეგობარი იყო დედა, ქალი, რომელსაც “პირველად ნახავ” და მერე შენი სიცოცხლის ბოლო წუთამდე შენთან არის, მიუხედავად იმისა, ცოცხალია, თუ არა.”
ოთარ ჭილაძის ჩანაწერებიდან ,,ცა მიწიდან იწყება” “დღეს დედამ ნასადილევს, ჩემი და თამაზის ჩვეულებრივი, თითქმის დაკანონებული კამათის შემდეგ, თქვა: ცოდოა ოთარი, სამშობლო უყვარსო. ,,რა ქნას, კარგი ადამიანია” – დაამატა ცოტა ხნის მერე. ყველაფერი თქვა ამ ორი სიტყვით – ჩვენი კამათის უაზრობაც, ჩვენი უმწეობაც, ჩვენი გამოუვალი მდგომარეობაც…”