ანა (ხათუნა) სიმონის ასული ჭიჭინაძე დაიბადა ქუთაისის მაზრა სოფელ ჭოლევში 1901 წლის 1(14) იანვარს, შავი ქვის მრეწველ სიმონ ჭიჭინაძის ოჯახში.1908-1918 წლებში სწავლობდა ქალაქ ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში. ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა დეკლამაციის ნიჭითა და პოეზიის სიყვარულით.1919 წელს, შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, პარალელურად გახდა აკაკი ფაღავას სტუდიის მსმენელი, სადაც სამსახიობო ოსტატობის და მეტყველების კურსი ცნობილ მსახიობ ე. სატინას მიჰყავდა, ხოლო სასცენო მოძრაობას ვალენტინა ვენდეროვიჩი ასწავლიდა.
1923 და 1924 წლებში ფაღავას სტუდიის მოსწავლეების სასცენო გამოსვლებზე, ხათუნა ჭიჭინაძის დეკლამაციას (წაიკითხა სალომეას ეპიზოდი უაილდის „სალომეადან“, ხრისეს მონოლოგი ) დადებითი გამოხმაურება ჰქონდა პრესაში. 1924 წელს დაამთავრა სტუდიაში სწავლა და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. თავდაპირველად მონაწილეობდა ეპიზოდურ როლებში. ითამაშა კოტე მარჯანიშვილისა და ალექსანდრე ახმეტელის დადგმულ პირველ პანტომიმაში – თამარ ვახვახიშვილის „მზეთამზე“. ასევე, თალო – ნატალია აზიანის (დონდაროვა) პიესა „დეზერტირკაში“.
ხათუნა ჭიჭინაძის მიერ რუსთაველის თეატრში განსახიერებული პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო ტატიანა, ბორის ლავრენევის პიესა „რღვევაში“. 1928 წელს რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის დასთან ერთად გადადის ქუთაისში, სადაც ამოქმედდა „ქუთაის-ბათუმის მეორე სახელმწიფო დრამა“. აქ შეასრულა მან მეორე ცნობილი როლი – ევა ბერგი, ერნსტ ტოლერის პიესაში – „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“.1930 წელს, მონაწილეობდა მოსკოვსა და ხარკოვში გამართულ გასტროლებში, სადაც მას კრიტიკა საუკეთესო მსახიობად მოიხსენიებდა. გასტროლების შემდეგ, 1930 წლიდან, მარჯანიშვილის თეატრთან ერთად ბრუნდება თბილისში, სადაც ყოფილ „ზუბალაშვილების სახალხო სახლში“, თეატრი „მეორე სახელმწიფო დრამის“ სახელით აგრძელებს მუშაობას.
1937 წელს დააპატიმრეს და 10 ივლისს დახვრიტეს ხათუნა ჭიჭინაძის მეუღლე – გიორგი ყურულაშვილი.საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ გიორგი ყურულაშვილი მუშაობდა საქართველოს პროფსაბჭოს მდივნად, კულტ საგანმანათლებლო განყოფილების გამგედ და თავმჯდომარედ. 1926 წლიდან იყო გაზეთ „მუშა“-ს რედაქტორი, ჟურნალ „მნათობი“-ს რედაქტორი. შედიოდა კომპარტიის ცეკასთან არსებული პარტიის ისტორიის კომისიაში. 1928 წლის აგვისტოდან იყო საქართველოს სსრ-ს უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე. 1927 წლის ივნისიდან 1928 წლის სექტემბრამდე საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი. 1930 წლის ნოემბრიდან საქართველოს კომპარტიის ცეკას ბიუროს პრეზიდიუმის წევრი. 1931 წლის ნოემბრიდან საქართველოს კომპარტიის ცეკას მე-3 მდივანი და ბიუროს წევრი. იყო საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. გიორგი ყურულაშვილი 1937 წელს, დაპატიმრებისას, მუშაობდა საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისრის თანამდებობაზე.ხათუნა ჭიჭინაძე დააპატიმრეს 1937 წლის 2 ივლისს, #646 ორდერით, საკუთარ ბინაში მარტის (ამჟამინდელი ნიკოლაძის) ქუჩა #7-ში