„მეტი დეველოპმენტი“ 4 წლისაა – კომპანია, საქველმოქმედო აქციით, ამჯერად დღის ცენტრ „ახალ ნაბიჯებს“ ეწვია

„მეტი დეველოპმენტი“ 4 წლის გახდა. დაბადების დღე კომპანიამ, ტრადიციულად, საქველმოქმედო აქციით აღნიშნა. სამგორის რაიონში მდებარე დღის ცენტრში ბავშვებს „მეტი დეველოპმენტმა“ საჩუქრები გადასცა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა სამგორის რაიონის მაჟორიტარმა, რევაზ სოხაძემაც მიიღო. ის „მეტი დეველოპმენტის“ დირექტორთან, პაპუნა ხაზალიასთან და კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ეწვია დღის ცენტრს – „ახალი ნაბიჯები“.

როგორც პაპუნა ხაზალიამ აღნიშნა, ის და მისი გუნდი სოციალურ პასუხისმგებლობას საკუთარი საქმიანობის განუყოფელ ნაწილად თვლის და მიიჩნევს, რომ ერთმანეთზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია.

„მეტი დეველოპმენტი“ 4 წლისაა. ტრადიციულად, ჩვენი კომპანია თავის დაბადების დღეს საქველმოქმედო აქციით აღნიშნავს. ამჟამად ვესტუმრეთ დღის ცენტრს – „ახალი ნაბიჯები“ – და ბავშვები გავახარეთ. ვთვლი, რომ თანადგომა და ერთმანეთზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია“,- განაცხადა პაპუნა ხაზალიამ.

სამგორის რაიონის მაჟორიტარის, რევაზ სოხაძის თქმით, აღნიშნული აქცია პატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს. მან იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლები გაიზიარებენ „მეტი დეველოპმენტის“ მაგალითს და მსგავსი ტიპის ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვებიან.

„კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ დახმარებითა და თაოსნობით, ვიმყოფებით დღის ცენტრში, რომელიც სამგორის რაიონში მდებარეობს. მათ გადაწყვიტეს, რომ ბავშვებთან მოსულიყვნენ სტუმრად და პატარებისთვის საჩუქრები მოეტანათ, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. იმედია, რომ ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლებიც მიბაძავენ ამ კომპანიას. პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანაში დღეს არსებული რთული ვითარების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა არასდროს დაივიწყოს ის ადამიანები და ის გასაკეთებელი საქმე, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“,- განაცხადა რეზო სოხაძემ.

„მეტი დეველოპმენტს“ მადლობა გადაუხადა დღის ცენტრის დირექტორმა, ნინო ქუმსიაშვილმა. მან კომპანიას დაბადების დღე მიულოცა და წარმატება უსურვა.

„„მეტი დეველოპმენტს“ ვულოცავ დაბადების დღეს. მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. წარმატებული წლები ჰქონოდეთ. ისინი ისეთ სასიკეთო საქმეს აკეთებენ, რითიც ადამიანები ბედნიერებას გრძნობენ,“ – აღნიშნა ნინო ქუმსიაშვილმა.