“რა გაეწყობა, ბედი უბედო ჩემზედა არ ახალია” – ექვთიმე თაყაიშვილი ნიკო მარს

ექვთიმე თაყაიშვილი, ღვთისკაცი, ადამიანი, რომელიც ქართულ საგანძურს  აგროვებდა,  იცავდა და ინახავდა…მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე უდიდესია.. 1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს განძით დატვრითული ამერიკული თვითმფრინავით თბილისში დაბრუნდა.1952 წლის დასაწყისში საბჭოთა რეჟიმმა ის უნივერსიტეტიდან გაათავისუფლა „საკმარისი პედაგოგიური დატვირთვის უქონლობის გამო“ მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში, გულის დამბლის შედეგად გარდაიცვალა, ის უკანასკნელ გზაზე მხოლოდ ორმოცდარვა ადამიანმა გააცილა…წერილებში, რომელთაც ექვთიმე თაყაიშვილი პარიზიდან ნიკო მარს სწერს, კარგად ჩანს “საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის” დიდი სულისკვეთება, გაჭირვება და მუდმივი ფიქრი სამშობლოზე და სამშობლოსათვის…

ძმაო ნიკო!

პირველად გულითადი მოკითხვა შენს მეუღლეს და შენ ჩვენ ორთავეთაგან. წავიკითხეთ ტფილისის გაზეთში თქვენი იქ ყოფნის ამბავი. ეხლა ჩემი თხოვნაა: უთუოდ დამიბრუნოთ ყველა ჩემი სტატიები და მათი სურათები, რომელნიც ამდენი წელია თქვენთან არი და საკმაოდაც დამძაღდნენ. ზოგი მასალები უკვე გამოაქვეყნეს სხვებმა ტფილისში და ეს ბედი მოელის სხვებსაც. შრომა იმისთვის მივიღე, რომ პრიორიტეტი გამოქვეყნებისა მაინც შემრჩენოდა. თუ სტატიები ტფილისშია გაგზავნილი, გთხოვ საჩქაროდ გამოითხოვო უკან და დამიბრუნო.

როდესაც შენი სტატია იყო აქ უშედეგოდ დარჩენილი, თუმცა ეს მე პირადად არ მეხებოდა, მაგრამ შენის თხოვნით მივიღე ყველა ზომები და გამოგიგზავნე, ხოლო ჩემი სტატიები პირადად შენ მოგაწოდე და რაკი დაბეჭდვა არ ეღირსა,რასაკვირველია, გარემოებათა მიხედვით, ამას შენ კი ვერ გისაყვედურებ ვერას გზით, მხოლოდ უფლებას ნუ წამართმევ რომ უკან დავიბრუნო და განმეორებით გთხოვ მომაწოდო გრაფენის მისამართით. ამას გარდა , ალექსანდრა ალექსეევნას ვთხოვე, როგორც იცი, წიგნების მოწოდება. მისი„აკურატნობა“ მე კარგად ვიცი და არა ერთხელ ვყოფილვარ მათგან დავალებული, მაგრამ ეხლა, როგორც ეტყობა, არც ეს ხერხდება. რა გაეწყობა, ბედი უბედო ჩემზედა არ ახალია, ძველია! შენთან შემდეგი სტატიებია:

1)ვანის ეკლესიის სიძველეთა აღწერა;

2) სოფელ ჩანგლის ეკლესიის აღწერა და ფრაგმენტი ერთი ქართული ხელნაწერისა, ამასვე აქვს დართული შენიშვნა;

3) პიტარეთის მონასტერი და მისი წარწერიანი;

4) ორი ეკლესია სოფელ ტანძიაში;

5) მდებარეობა სოფლისა და მონასტრისა თევდორწმიდისა;

6) ციხე და ეკლესია სოფ. ქვეშში, გზავნილი ქონთან შენთან ვერცხლის დოქი მეფე გიორგი III;

ამას გარდა დიდი ხანია გამოგზავნილი მქონდა შენთან სომხური წარწერების ფოტოგრაფიკული სურათები სასაფლაოს ქვებისა ჩანგლში და ეკლესიისა ფანასკერტში. როგორმე მინახე და დამიბრუნე, ადრეთვე ფოტოგრაფიულად გადაღებული მთელი კარის გარიგების ტექსტი. იყავით კარგათ და ბედნიერათ! და ნუ დაგვივიწყებთ.

პარიზი,

10.06.1928

ექვთიმე თაყაიშვილი