შინდისის გმირი ზაზა ფერაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ცხინვალში სნაიპერის ტყვიამ მაშინ იმსხვერპლა, როცა საბრძოლო პოზიციებიდან დაჭრილები გამოჰყავდა. აგვისტოს ომის გმირს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
მამა, თენგიზ ფერაძე: „ის 1973 წლის 16 თებერვალს დაბა შორაპანში დაიბადა. ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა მასთან ისე შემეძლო ყველა თემაზე საუბარი, როგორც დიდ ადამიანთან. ასეთივე ახსოვს ზაზა მის ყველა მეგობარს, ნათესავსა თუ მეზობელს – დინჯი, პრინციპული და იშვიათად მოლაპარაკე. თვალები კი მეტყველი და ყოველთვის შორსმჭვრეტელი ჰქონდა. 1994 წელს სამხედრო სავალდებულო სასწავლებელში გაიწვიეს. აფხაზეთის ომშიც მოუწია ბრძოლა და იქ ნანახი უსამართლობის იარა ბოლომდე ვერ მოიშუშა. ერთი პერიოდი თითქოს თავის გადაწყვეტილებას გადაუხვია და უმაღლეს სასწავლებელში იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. თუმცა მალევე გულმა ისევ სამხედრო სამსახურისკენ გაუწია. გადაწყვეტილება პრინციპული იყო და არ შევწინააღმდეგებივართ. ზაზა სამშვიდობო მისიით ერაყშიც წავიდა. იქიდან დაბრუნებულმა ლამაზი ოჯახის შექმნაც მოასწრო. ზაზასა და ნათიას სიყვარული ქორწინებით დაგვირგვინდა და ერთი წლის თავზე – პატარა დემეტრე, გარდაცვალებიდან ერთ თვეში კი ნანატრი ქალიშვილი, ანასტასია შეეძინათ“ – წიგნი „გმირი“.
უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2002 წლიდან მსახურობდა. მიღებული აქვს მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში – „თავისუფლება ერაყს“. დაჯილდოებულია III ხარისხის უწყებრივი მედლით, ასევე მიღებული აქვს მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი.