„ვიღიმი უადგილოდ და დაკარგული წლები მტკივა… იები მომენატრა, ჩემი სამშობლოს იები…“

– როდის ჩამოდიხარ? – მალე !! და ამ „ტყუილში“   წლები გადის. წლებთან ერთად კი ნახევარი ცხოვრება… მძულს თებერვალი…“ – 12 წლის წინ ემიგრაციაში წასული ქართველი ემიგრანტის ირინა იოსებაშვილის სევდიანი წერილი, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვეთ.

“ზუსტად  12 წლის წინ ამ გზას დავადექი…

გზას ემიგრაციისას, 28 წლის გოგოსათვის, ალბათ, გზა ხსნის რომელსაც უნდა გადაერჩინა მისი  შვილები…

არ მიყვარს თებერვალი, საშინლად ციოდა, ხელები სულ გაციებული მქონდა და არც მიფიქრია ჯიბეებში ჩამეწყო.

-იცით რაზე ვოცნებობდი?

 სიკვდილზე,….

მინდოდა გული გამსკდომოდა და იქვე ჩემს მიწაზე მოვმკვდარიყავი..

ავტობუსში სანამ ავედი ჩემი უმცროსი შვილი მომეჭიდა, ტირილი დაიწყო… მაშინ სამი წლის იყო…

გახსენებაზეც კი სული მეყინება…

პირველად ვნახე ბათუმი, ზღვა. ვხედავდი როგორც ვცილდებოდი სანაპიროს…

გავიფიქრე: – ნეტა კიდევ როდის ვნახავ?!

ტირილი ამიტყდა.

გვერდით ასაკიანი ქალი მეჯდა, ბევრჯერ იყო საბერძნეთში ნამყოფი და გულში გავიფიქრე: -რა მშვიდადაა, რა უხარია?!

იმ მომენტში უგულო ქალი მეგონა. მთელი გზა მიყვებოდა, როგორ გადაარჩინა შვილები, რამდენი რამ გაუკეთა.  ზიზღი მიჩნდებოდა ნელ-ნელა, მის სიმშვიდეზე და „ბედნიერ“ სახეზე….

რამდენი რამ გადავიტანე ამ 12 წელიწადში.

ხშირად მახსენდება ის ქალბატონი მისი მშვიდი სახით და მრცხვენია ჩემი სიტყვების…

ჩემი საუკეთესო წლები, ახალგაზრდობა სხვისი შვილების გაზრდაში გავლიე.

-რა გავაკეთე?!

 არც არაფერი.

უამრავი ადამიანი გავიცანი და დავკარგე.

უამრავ ადამიანს იქნებ  თავიც კი მოვაბეზრე… როგორ არ მიყვარს რომ ვინმეს ვძულვარ,

საშინელი შეგრძნებაა.

და მაინც ცხოვრება გრძელდება…

ვიღიმი უადგილოდ და დაკარგული წლები მტკივა…

-რამ ამაკვიატა?!

იები მომენატრა, ჩემი სამშობლოს იები. ლურჯპერანგა „ლოყაჩაჩხვლეტილი“ ლამაზი დედოფლები. სამშობლოს ნიავი მენატრება…

-როდის ჩამოდიხარ?

-მალე!!

და ამ „ტყუილში“ წლები გადის. წლებთან ერთად კი ნახევარი ცხოვრება…

მძულს თებერვალი…..“

ირინა იოსებაშვილი