,,კავშირი სამყაროსთან, ხელოვნებასთან, სამშობლოსა და ერთმანეთთან“ – 8 თებერვალს, ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, გალერეაში “Ulmacarisa” მოეწყო ესპანეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანების ნინი გამილაღდიშვილისა და ნინო ირემაძის ნამუშევრების ექსპოზიცია სახელწოდებით“ კავშირი” („Connection“).
ნინი გამილაღდიშვილი წლებია ესპანეთში ცხოვრობს და საინტერესო, ფერად და ორიგინალურ ხელნაკეთ ნივთებს ქმნის. სადაზღვევო სფეროში წარმატებული საქმიანობის მიუხედავად, კავშირი ხელოვნებასთან არასდროს გაუწყვეტია. დიზაინი და დეკორირება თავდაპირველად ჰობი იყო, დღეს კი პროფესიულ დონეზე ეუფლება.
ნინო ირემაძეც ესპანეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანია. ის გამორჩეული ხელწერის მქონე მხატვარია. ნინომ 2020 წელს დაამთავრა მადრიდის კინო ინსტიტუტი, ახლა კი ხელოვნების სკოლაში, „ესდიპ“-ში (ESDIP) სწავლობს. დამატებით გადის კურსს ხატვასა და ქანდაკებაზე, ხოლო აპრილიდან სწავლას მადრიდის სამხატვრო აკადემიაში MAA განაგრძობს, საიდანაც უკვე მიღებული აქვს სტიპენდია.
ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გალერეაში “Ulmacarisa” დღეს დაიხურება. თუ რატომ შეურჩიეს ექსპოზიციას სახელად „Connection“ და როგორია საქართველოსთან კავშირში გეგმები – ამაზე ხელოვანები ვიდეობლოგში საუბრობენ.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"