ავეჯი ის არის, რაც ყოველდღიურად გვჭირდება… დასვენებისთვის, კომფორტისთვის, განტვირთვისთვის, სამუშაოდაც კი. სულერთია, სახლში ვართ თუ სამსახურში, თითოეულ ავეჯს თავისი ფუნქცია აქვს, რომელიც ჩვენს განწყობასთან და შეგრძნებებთან პირდაპირაა დაკავშირებული. ყველა ვცდილობთ, ნებისმიერ გარემოში შევიქმნათ ჩვენი მიკრო სამყარო, რომელიც რბილი ავეჯის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, მისი სწორად არჩევა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
ხშირად მაღაზიებში არსებული ან ინტერნეტში ნანახი ვარიანტები მაინცდამაინც არ მოგვწონს და გვინდა, რაღაც განსხვავებული გვქონდეს… ისეთი, რომელიც ჩვენს სურვილებს გამოხატავს და თავს საუკეთესოდ გვაგრძნობინებს. ამის გაკეთება კი მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ – მათ, ვინც ჩვენს აზრებს წაიკითხავენ და ჩვენზე მორგებულ პროდუქტს შექმნიან.
სწორედ მომხმარებლების წარმოსახვის რეალობად ქცევა არის ნანიკო ქავთარაძისა და მისი გუნდის მთავარი მიზანი. უკვე დიდი ხანია, რაც კომპანია „ნანიკო ქავთარა“ ქართულ ბაზარზე გახდა კომპანია, რომელიც არ უფრთხის სიახლეებს და მომხმარებლების ნებისმიერი სურვილის ასრულებას ცდილობს.
გაიგეთ უფრო მეტი კომპანიაზე: https://www.facebook.com/nanikokavtara
როგორც ნანიკო ამბობს, ყველა ახალ შეკვეთას იღებს როგორც გამოწვევას, რომელსაც თავდაუზოგავი შრომის შედეგად აუცილებლად დაძლევს.
(ნანიკო ქავთარაძე) -რბილი ავეჯი ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და აუცილებელია, ყურადღებით შევარჩიოთ, რადგან არასწორად შერჩეულმა ავეჯმა შესაძლოა, ინტერიერსაც დაუკარგოს სახე და ვერც ის კომფორტი მოგვანიჭოს, რომელსაც მისგან ველოდებით.
–ზოგადად, რა განაპირობებს ავეჯის კომფორტულობას და რას ითვალისწინებთ მისი დამზადების პროცესში?
-ყველაფერი კონსტრუქციიდან იწყება, რომელიც აუცილებლად სწორად უნდა აიგოს. ის მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ადამიანის სხეულთან. უნდა გაითვალისწინო გადახრის კუთხე, დასაჯდომი სიმაღლე და არაერთი სხვა ფაქტორი. გააჩნია იმასაც, თუ რა ადგილას უნდა დაიდგას ავეჯი – შემოსასვლელში, კომპიუტერთან, საძინებელში, მისაღებში თუ სხვაგან.
ამის შემდეგ აუცილებელია ავეჯის დარბილება. ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება ღრუბელია, რომელიც კარგი ხარისხის უნდა იყოს. თანამედროვე ბაზარზე უპირატესობა ლატექსის ღრუბელს ენიჭება, რომელიც მალე არ იპრესება, კომფორტულია და ჯანმრთელობისთვისაც კარგია. ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებლებს ლატექსის ღრუბელი შევთავაზოთ, რომელზე მოთხოვნაც, ხარისხიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია.
კომფორტისთვის, ასევე ვთავაზობთ ე.წ. სინდიფონს, რომელიც ვიზუალურადაც ლამაზია. ძირითადად, ავეჯის დარბილებისთვის მას ლატექსის ღრუბელთან ერთად ვიყენებთ.
ასევე, ხშირად იყენებენ ზამბარებს და ღვედებს, თუმცა გააჩნია, რა სურს მომხმარებელს და რომელი მეთოდის გამოყენებაა უმჯობესი კონკრეტულ შემთხვევაში.
-„ნანიკო ქავთარა“ მომხმარებლებში, ძირითადად, მრავალფეროვან და განსხვავებულ პუფებთან ასოცირდება, თუმცა პუფი არ არის თქვენი წარმოების ერთადერთი ხაზი… კიდევ რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
-ჩვენი კომპანიის ამოცანა მომხმარებლის სურვილებისა და გემოვნების 100%-ით დაკმაყოფილებაა. ვზრუნავთ, ინდივიდუალურად მოვერგოთ თითოეულ მათგანს. ვთავაზობთ მაღალ ხარისხსა და კომფორტულ, თანამედროვე დიზაინს. შესაბამისად, ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის შეკვეთაზე შეგვიძლია მუშაობა. მაგალითად, ვაკეთებთ დარბილებულ ჟურნალის მაგიდებს, რომელთა გამოყენებაც არა მხოლოდ ცალკე, არამედ პუფებთან ერთადაც იდეალურად შეიძლება. ვქმნით სავარძლებს კაფე-ბარებისთვის, ასევე გარე ავეჯს: ჰამაკს, ტენტებს… ვმუშაობთ პადონების დარბილებაზეც, რაც დღესდღეობით ძალიან პოპულარული მიმართულებაა.
გარდა ამისა, ჩვენთან ხშირად მოდიან ადამიანები, რომელთაც აქვთ, უბრალოდ, ხის ან რკინის კონსტრუქცია, რომლის დარბილება და ავეჯად ქცევა უნდათ. თითოეულ განსხვავებულ შეკვეთას ინდივიდუალურად ვუდგებით და ვიღებთ ისეთ პროექტებს, რომლებზეც სხვები უარს ამბობენ. ეს ჩვენს რეპუტაციაზე ძალიან კარგად მოქმედებს, ამიტომ ნოემბერში, როცა დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს და ბევრი შეკვეთის გამო, ახალ შეკვეთებს ფიზიკურად ვერ ვიღებთ, მომხმარებლები ხშირად იანვრამდეც კი გველოდებიან. მათ იციან, რომ სურვილს, რომელიც სხვამ ვერ ან არ შეუსრულა, ჩვენ რეალობად ვუქცევთ.
–როგორ უნდა შევარჩიოთ რბილი ავეჯი?
-რბილი ავეჯის შერჩევისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათ შორის, ხარისხი, კომფორტი, ინტერიერთან შესაბამისობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ავეჯის ქსოვილი. აუცილებელია, ქსოვილი თქვენთვის სასიამოვნო სტრუქტურის და ადვილად წმენდადი იყოს.
–შეუძლია თუ არა მომხმარებელს თქვენს მაღაზიაში პირადად შეარჩიოს სასურველი ქსოვილი, რომლისგანაც მის ავეჯს დაამზადებთ და როგორ ეხმარებით მათ შესაბამისი არჩევანის გაკეთებაში?
–ჩვენ მასალების ძალიან ფართო არჩევანი გვაქვს. მომხმარებელს შეუძლია, საკუთარი ხელით შეეხოს თითოეულ მათგანს და აარჩიოს მისთვის საუკეთესო, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურ საჭიროებაზეა დამოკიდებული – თუ რისთვის გვინდა ესა თუ ავეჯი. მაგალითად, ზოგს სახლში ცხოველები ჰყავს და უნდა ისეთი ნაჭერი, რომელიც ბეწვს არ აკრავს ან თათებით არ დაიფხაჭნება; ზოგს ბავშვები ჰყავს და სურს, ავეჯი ცხიმისგან, მელნისგან და სხვა ლაქებისგან დაიცვას; ზოგი ავეჯის ბართან ან საერთოდაც, ბუხართან დადგამს აპირებს და ისეთი ქსოვილი სჭირდება, რომელიც არ გაფუჭდება. მოკლედ, ყველაფერი ზუსტად უნდა შეარჩიო, რაშიც ჩვენ, რასაკვირველია, ყველა მომხმარებელს ვეხმარებით.
ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მომხმარებელთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა, ეს ურთიერთობა ერთჯერადი არ იყოს და ის ისევ დაბრუნდეს ჩვენთან. ამიტომ ვცდილობთ, ისე მოვემსახუროთ თითოეულ მათგანს, რომ არა მხოლოდ თავად დაბრუნდეს, არამედ სხვებსაც ურჩიოს ჩვენი კომპანია.
–გვინდა, კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს შევეხოთ. რამდენად მიზანშეწონილია რბილი ავეჯის სახლის პირობებში, საკუთარი ხელით გადაკეთება? როცა გადის დრო და გვინდა, ჩვენს ავეჯს თანამედროვე ფორმა და იერი მივცეთ… საინტერესოა, მუშაობს თუ არა თქვენი კომპანია ამ მიმართულებით?
-ზოგადად, ვფიქრობ, რომ ყველა საქმეს პროფესიონალიზმი სჭირდება. თუ ეს არ გაქვს, ჯობს, თავი შეიკავოთ და მიმართოთ შესაბამის კომპანიებს, რომლებიც იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი ძველი ავეჯი დაუზიანებლად და გემოვნებიანად განახლდეს.
რაც შეგვეხება ჩვენ, დიახ, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. მეტიც, ეს პროცესი განსაკუთრებით საინტერესოც კია. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ძველისგან ვქმნი რაღაც ახალს, თანამედროვეს. ყველაზე უფრო სასიამოვნო კი ისაა, როცა მომხმარებლის გაოცებულ, კმაყოფილ და ბედნიერ სახეს ხედავ.
–რა ტენდენციებია 2022 წლისთვის რბილი ავეჯის ბაზარზე და აუწყობს თუ არა თქვენი კომპანია ფეხს ამ ტენდენციებს?
-ინტერიერის დიზაინში ნელ-ნელა ქრება უხეში, მართკუთხა ფორმები და უპირატესობა ენიჭება გლუვ, მომრგვალებულ ხაზებს. შედეგად, ინტერიერი რბილდება, ხდება უფრო მსუბუქი და პრაქტიკული.
რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით თანამედროვე ტენდენციებს და მომხმარებელს კომფორტულ, ხარისხიან და დახვეწილ დიზაინს ვთავაზობთ. ყოველი სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ ახალ მოდელებს ვქმნით. უკვე 14 წელია, მომხმარებლების გვერდით ვართ და ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნა მოდის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით.