ნიუ იორკში, მოდის კვირეულზე “Super Chic New York ” ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის – შორენა ბარბაქაძის მიერ ქართული ეროვნული სამოსის შთაგონებით შექმნილი კოლექციის პრეზენტაცია გაიმართა, სამოსი ქართველმა გოგონებმა წარმოადგინეს. შორენა ბარბაქაძე ნიუ-იორკში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრის „ფესვები“დამფუძნებელი და მთავარი ქორეოგრაფია, ჩვენება “ფესვების” მოცეკვავეების მიერ შესრულებულმა ქართულმა ცეკვამ განსაკუთრებით ამაღელვებელი გახადა.
7 წელია ნიუ იორკში ცხოვრობს ლეილა ბახტაძე-ქურციკიძეც. ის თვითნასწავლი ხელოვანია და ქმნის ულამაზეს სამკაულებსა და აქსესუარებს. თავისუფალ დროს ხატვაც უყვარს და მის კოლექციას გამორჩეული ხელწერით შექმნილი ნახატებიც ამშვენებს. “Super Chic New York ” – ზე ლეილა ბახტაძე – ქურციკიძის აქსესუარები 25 – მა მოდელმა წარმოადგინა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი ანსამბლ “ფესვების” მოცეკვავეების მიერ წარმოდგენილი მისი აქსესუარები იყო და მაყურებლის დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია.