საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებმა პეკინის თამაშები მეექვსე ადგილით დაასრულა

ფიგურულ ციგურაობაში პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური ასპარეზობა ანასტასია გუბანოვას გამოსვლით (მოკლე პროგრამა) დაასრულა.საქართველოს ნაკრებს, რომელმაც საერთაშორისო ფედერაციის (ISU) ეგიდით ჩატარებული ჩემპიონატების და გრანპრის შედეგებით ისტორიაში პირველად გუნდურში გამოსვლის უფლება მოიპოვა, ოლიმპიური თამაშების ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, ანუ პირველ ხუთეულში მოსახვედრად მცირედი დააკლდა.
შუალედური ადგილები სწორედ ქალთა მოკლე პროგრამის დასრულების შემდეგ განაწილდა. გუბანოვამ მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 67.56 ქულა დაიმსახურა, მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩვენს გუნდს 7 ქულა შემატა. ქალთა მოკლე პროგრამის გათვალისწინებით, გუნდურში საქართველოს ნაკრებმა 22 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც, სამწუხაროდ, საკმარისი არ აღმოჩნდა საუკეთესო ხუთეულში გასასვლელად და შემდგომ თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად.საქართველოს მოციგურავეებმა მეხუთე ადგილისთვის მთვარი ბრძოლა დღეს ჩინელებთან გამართეს და ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან. საქმე იქამდე მივიდა, რომ საჭირო გახდა დამატებითი მაჩვენებლების გადათვლა, რაც ოლიმპიადის მასპინძლებს უკეთესი აღმოაჩნდათ. რა თქმა უნდა, გუნდური მეექვსე ადგილი დიდი წარმატებაა და უდაოდ მისალოცი ამბავია. ამავე დროს, ეს არის ჩვენი სპორტსმენების მიერ მოპოვებული საუკეთესო შედეგი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში.
პეკინში საქართველოს ნაკრებმა უკან ჩამოიტოვა იტალიის, ჩეხეთის, გერმანიისა და უკრაინის გუნდები.გუნდურში ასპარეზობებმა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს აიღო სტარტი. თავდაპირველად სარბიელზე ნაკრების ლიდერი, მორის ყვითელაშვილი გავიდა, რომელმაც მოკლე პროგრამაში დაკავებული მეოთხე ადგილით გუნდს პირველი 7 ქულა შესძინა. მეექვსე ადგილი დაიკავა კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა რაც 5 ქულის ტოლფასია, ხოლო მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა სპორტულ ცეკვებში მერვე ადგილით 3 ქულა დაიმსახურა