საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე, ონლაინ რეჟიმში შვეიცარიის სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ბერნის უნივერსიტეტში ქართული სწავლების მრავალდისციპლინური ცენტრის ჩამოყალიბება იყო.
საქართველოს ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის და ქართული ენის მიმართ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბერნის უნივერსიტეტის აკადემიური გუნდი მზადაა განიხილოს მის ბაზაზე მრავალდისციპლინური ქართული ცენტრის შექმნის შესაძლებლობა. ამ გრძელვადიანი პროექტის განხორციელების მიზნით დაიგეგმა ინდივიდუალური შეხვედრები ცალკეული დისციპლინების მიხედვით, სადაც შეჯერდება პოზიციები, გამოიკვეთება ინტერესები და შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა. მხარეები შეთანხმდნენ საწყის ეტაპზე გაფორმდეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გაბრიელე რიფლი; ანტიკური ხანის ისტორიის პროფესორი შტეფან რებენიხი; უნივერსიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ბერნის კანტონის არქეოლოგიური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი პროფესორი ალბერტ ჰაფნერი; შუა საუკუნეების ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნე, ქართული ხელოვნების მკვლევარი, პროფესორი მანუელა სტუდერ-კარლენი; ბერნის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ბეატე ფრიკე და ფილოსოფიის დოქტორი, ენათმეცნიერი მანანა ტოფაძე.
„აღსანიშნავია, რომ ბერნის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ქართული ენა ერთ-ერთ საგნად ისწავლება. 2009 წლიდან კურსებს ხელმძღვანელობს ფილოსოფიის დოქტორი, ენათმეცნიერი მანანა ტოფაძე. დღეისათვის დასავლეთ ევროპის მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტში (იენის, ფრანკფურტის, მალმოს და ბერნის) ისწავლება ქართული ენა. შესაბამისად, შვეიცარიაში ქართული ენის სწავლების შენარჩუნება, მხარდაჭერა და განვითარება საქართველოს საელჩოსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, – ნათქვამია საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“, – ნათქვამია საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შვეიცარიაში ქართული ენის სწავლება ღვაწლმოსილი ქართველოლოგის კიტა ჩხენკელის სახელთანაა დაკავშირებული. ციურიხის უნივერსიტეტში ქართული ენა გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან ოთხმოციანი წლების ბოლომდე ისწავლებოდა. 1989 წლიდან ციურიხის უნივერსიტეტის ქართველოლოგიურმა ბიბლიოთეკამ გადმოინაცვლა ბერნის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, მაშინდელი ხელმძღვანელის, ცნობილი ენათმეცნიერისა და ქართველოლოგის პროფესორ როლანდ ბილმაიერის ძალისხმევით. მანვე ჩაუყარა საფუძველი ქართული ენის კურსს ბერნის უნივერსიტეტში.