რუსთავის თეატრში 55- ე საიუბილეო სეზონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
მიმდინარე წელს, რუსთავის თეატრი 136 ღონისძიებას გამართავს, მათ შორის 6 სპექტაკლის პრემიერაა. გაიხსნება თეატრის მუზეუმიც და შედეგად, მასალა რომელიც არქივში უნდა ინახებოდეს, ერთ სივრცეში განთავსდება. ამ დროისთვის უნდა დასრულდეს 0 სართულის ტერიტორიის, ე.წ სარდაფის სივრცის რეაბილიტაციაც, სადაც მაყურებლისთვის გარდერობი მოეწყობა.
საიუბილეო სეზონს, 30 ნოემბერს, დასკვნითი, კოსტიუმირებული, გალა ღონისძიება დაასრულებს, სადაც თავს მოიყრიან რუსთავის თეატრის დამაარსებელი მსახიობები, დასის ამჟამინდელი და ყოფილი წევრები, რეჟისორები, მხატვრები და სხვა სტუმრები.
55 წლის წინ, 1967 წლის 30 ნოემბერს რუსთავის თეატრში პირველი პრემიერა შედგა. რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ მაყურებელს ე. როსტანის რომანტიკული დრამა ,,სირანო დე ბერჟერაკი“ წარუდგინა, მხატვარი მამია მალაზონია, კომპოზიტორი კი ბიძინა კვერნაძე გახლდათ. მთავარ როლს მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა. სპექტაკლის დადგმამდე თეატრის დაფუძნებას წინ უძღოდა ისტორია, რომელმაც იმ დროინდელ თეატრალურ სამყაროში ახალი ეპოქა შექმნა.