საქართველოს U16 ნაკრებმა და კლუბმა “ვინგსმა” ევროპის ლიგის მეორე წრე გამარჯვებით დაიწყეს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში დღეს სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ლიგის მეორე წრემ 16-წლამდელთა შორის, რომელშიც საქართველოს 2006 წელს დაბადებულთა ნაკრები და საკალათბურთო კლუბი “ვინგსი” მონაწილეობენ. პირველი წრე გასული წლის 16-19 დეკემბერს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარდა და იქ გამართული 5-5 მატჩიდან “ვინგსმა” 3 მოიგო, U16 ნაკრებმა კი – 2.

ორივე მათგანმა 28 იანვარს გამართული 2-2 მატჩი მოიგო. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ლუქსემბურგის ნაკრებს 10 ქულით – 62:52 (სტატისტიკა) სძლია, ხოლო მორიგ მატჩში ბერტანსის აკადემია 73:52 (სტატისტიკა) დაამარცხა. ორივე მატჩში საუკეთესო იყო გოგიტა ბუკია, რომელმაც ლუქსემბურგელებს 21, ხოლო ლატვიელებს 32 ქულა ჩაუგდო. აღსანიშნავია ავთო ბახტაძის ორმაგი დუბლით – 10 ქულა, 12 მოხსნა.

რაც შეეხებათ “ვინგსის” წევრებს, ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ შეხვედრაში “რიჟდენე” 86:37 (სტატისტიკა) გაანადგურა, ხოლო მორიგ მატჩში ლუქსემბურგელებს სძლია – 54:48 (სტატისტიკა). კოვიდ-რეგულაციების გამო ვინგსელები რიგაში 7 კალათბურთელით არიან ჩასულნი, თუმცა საწყის მატჩებში ბურჯანაძის გუნდს კაცნაკლულობა არ დასტყობია. 29 იანვარს საქართველოს ნაკრები და “ვინგსი” 2-2 მატჩს გამართავს. ჩერქეზიშვილის გუნდი თბილისის დროით 11:00 საათზე “რიგას” დაუპირისპირდება, ხოლო 18:20-ზე ესტონურ “ტარტუს უნივერსიტეტს”. “ვინგსის” მეტოქეები კი ბერტანსის აკადემია და “რიგა” იქნებიან.