მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 1 წელიც არ გასულა, რაც „ქოლგა“ ბაზარზე ბიზნესისთვის ოპერირებს, დაარსების პირველივე დღიდან სოციალური პასუხისმგებლობა მათი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. როგორც „ქოლგას“ დამფუძნებელი, PR მენეჯერი ანა ჩანგიანი აღნიშნავს, სწორედ სოციალური პასუხისმგებლობა არის ის საკითხი, რომლის გარეშეც, მისი და მისი გუნდის აზრით, „ქოლგას“ ფუნქციონირება გამართლებული არ იქნებოდა. მათ თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ ყოფილიყვნენ იმ სოციალური ღონისძიებების საინფორმაციო და PR მხარდამჭერები, რომლებიც საზოგადოებას სხვადასხვა დროს დასჭირდებოდა.
ყველაზე მთავარი საკითხი, ცხადია, პანდემია და ვაქცინაცია აღმოჩნდა. როგორც ანა ამბობს, ამ მიმართულებით, „ქოლგამ“ არაერთი პროექტის განხორციელება შეძლო.
„დაარსებიდან სულ რამდენიმე თვეში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, დავაორგანიზეთ პროექტი – „პანდემია, მსოფლიო და ისტორია“ – რომელიც ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერებას და ანტივაქსერული განწყობების დაძლევას ისახავდა მიზნად. განსაკუთრებით, რეგიონებში – სადაც ეს პრობლემა ყველაზე აქტუალურად იდგა. პროექტის ფარგლებში, პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ არქივიდან ამოიღო და საზოგადოებას წარუდგინა ის უნიკალური მასალა, რომელიც ზუსტად ასახავდა იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ. საუბარია პანდემიებსა და ეპიდემიებზე, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა პერიოდში მძვინვარებდა. ყველასათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა იმის გაგება და ფაქტობრივად, საკუთარი თვალით ნახვა, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ადამიანები ადრე სხვადასხვა ვირუსს; როგორ ებრძოდნენ პანდემიას, როგორი მიმღებლობით შემოდიოდა ვაქცინაციის პროცესი, რამდენი ადამიანი დაზარალდა იმის გამო, რომ არ მიიღო ეს პროცესი და მოარულ ხმებს აჰყვა; როგორი იყო მაშინ ანტივაქსერული კამპანია…
აღნიშნული საარქივო მასალა გამოფენის სახით წარვუდგინეთ საზოგადოებას. გამოფენა საკმაოდ საინტერესოდ გაიხსნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რის შემდეგაც, 2 კვირის განმავლობაში, საქართველოს ათივე რაიონი მოვიარეთ და იმ მუნიციპალიტეტებში წარვადგინეთ, სადაც ვაქცინაციის პროცესი ყველაზე მეტად იყო შენელებული. ამ პროექტის მსვლელობისას ადამიანები ჩვენი საერთო წარსულიდან თავიანთ ნათესავებს აღმოაჩენდნენ და აცოცხლებდნენ იმ ამბებს, რომლებსაც მათ ბავშვობაში ბებიები და ბაბუები უყვებოდნენ. ამ ყველაფერმა ვაქცინის მიმართ ნდობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაზარდა,“ – აღნიშნავს ანა ჩანგიანი.
ამ პროექტის გარდა, ანა ყურადღებას კიდევ ორ პროექტზე ამახვილებს. ერთ შემთხვევაში, ეს არის influncer.ge-ის მიერ ორგანიზებული კამპანიის საინფორმაციო PR მხარდაჭრა. ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ცნობილი და საინტერესო ადამიანები გაერთიანდნენ, რომლებმაც სხვა ადამიანებს პანდემიასთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, „ქოლგას“ ინიციატივით დაორგანიზდა სტუდენტური კამპანია, რომლის ფარგლებშიც, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ექიმების მიმართ მადლიერებას გამოხატავდნენ და საზოგადოებას რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისაკენ მოუწოდებდნენ.
„influncer.ge-მ შექმნა ჯგუფი, რომელშიც გააერთიანა აზრის ლიდერები, ბლოგერები და ინფლუენსერები, რომლებიც ამ თემაზე მართლაც საინტერესოდ მსჯელობდნენ. თანაც, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ანტივაქსერული კამპანია მძვინვარებდა და საზოგადოება ორ ნაილად იყო გახლეჩილი – არ იცოდა, ვისთვის მოესმინა. ქაოსური მდგომარეობის აღმოსაფხვრელად, influncer.ge-მ, ნინა პერტენავასა და ელდარ პირმისაშვილის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა საინფორმაციო კამპანიების ჩატარება, რაშიც „ქოლგას“ გუნდი აქტიურად ჩაერთო. მაქსიმალურად ვცდილობდით, გაგვევრცელებინა ინფორმაცია, ორგანიზება გაგვეწია შეხვედრებისთვის კომპეტენტურ ადამიანებთან და ა.შ. სხვათა შორის, ამ პროცესის გაგრძელებას თებერვლიდან ისევ აქტიურად ვაპირებთ და ბევრი საინტერესო ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი.
ამის გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, საკმაოდ წარმატებით დავაორგანიზეთ, სტუდენტური კამპანია, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებმა ჩაიცვეს ექიმის ხალათები, სოლიდარობა გამოუცხადეს მათ, დაარიგეს ფლაერები, გაავრცელეს სამოტივაციო სლოგანები და მოსახლეობას მოუწოდეს ვაქცინაციისკენ,“ – აცხადებს ანა ჩანგიანი.
როგორც „influncer.ge-ს“ ერთ-ერთ დამფუძნებელი, PR სპეციალისტი ნინა პერტენავა იხსენებს, სწორედ ანა იყო ის პირველი ადამიანი, რომელიც მის იდეას გამოეხმაურა და პროექტის განხორციელების პროცესში მთელი რესურსით ჩაერთო.
„ცნობილი კითხვაა – როდის გახდა ადამიანი ადამიანი? ამ კითხვაზე პასუხის სხვადასხვა ვერსია არსებობს, თუმცა ყველაზე მთავარი ვერსია ასეთია – მაშინ, როდესაც ძალიან ძველ დროში ერთ-ერთმა ადამიანმა ფუძის ძვალი მოიტეხა და სხვა ადამიანებმა გადაარჩინეს. ის თავის თავზე ვერ იზრუნებდა და სხვისი დახმარების გარეშე დაიღუპებოდა. ეს არის ადამიანობა. როდესაც პანდემიის მსგავსი რამ ან სხვა ისეთი მოვლენა ხდება, რომელიც ხალხს ცხოვრების რიტმს უცვლის ან საფრთხის წინაშე აყენებს, აუცილებელია, ადამიანები ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ის რესურსი, რაც გაგვაჩნია, აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა. ჩვენი რესურსი ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების ნდობის მქონე ადამიანებისა და აზრის ლიდერების გამოყენებაა, რათა მათი პოზიცია სხვებისთვის ცნობილი გავხადოთ. სამწუხაროდ, ნეგატიური ინფორმაცია და კონსპიროლოგიური თეორიები, რომლებიც მცდარი და გადაუმოწმებელია, თუმცა ადამიანის შიშებზეა აგებული, უფრო მალე ვრცელდება. ადამიანის ტვინიც ამას ძალიან მარტივად იღებს. ზუსტად ამის საპირწონედ გამოვიყენეთ იმ ადამიანების გამოცდილება, რომელთაც სხვის თვალში აქვთ ავტორიტეტი. გავაჟღერეთ მათი ისტორიები, თუ რატომ იქცეოდნენ ისინი ისე, როგორც იქცეოდნენ და როგორ ებრძოდნენ პანდემიას. გადავწყვიტეთ, ეს ყოფილიყო ჩვენი წვლილი პანდემიასთან ბრძოლის საქმეში და ამასთან ერთად, მოვუწოდეთ ბევრ კომპანიას, ჩართულიყვნენ ასეთ აქციებში.
როდესაც ეს იდეა მომივიდა, პირველ რიგში, influencer.ge-ს გუნდს გავაცანი. იდეა ყველამ ერთხმად აიტაცა და მისი განხორციელება გადავწყვიტეთ. შემდეგ „ფეისბუქზე“ დავწერე პოსტი ამის შესახებ. პირველი, ვინც გამომეხმაურა, ანა ჩანგიანი იყო, რომელმაც მითხრა, რომ ამ აქციაში მთელი გულწრფელობითა და მთელი თავისი რესურსით ჩაერთვებოდა. ზოგადად, ჩართულობის სურვილს ბევრი გამოხატავს, თუმცა რეალურ ქმედებამდე ძალიან ცოტა მიდის, რისთვის მინდა, ანას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ის ძალიან კარგად გაუმკლავდა ყველაფერს და გვერდში დაგვიდგა.
სწორედ ამ პერიოდში მე და ანას ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის იდეა დაგვებადა, რომელსაც ვამუშავებთ და სულ მალე გავაცნობთ საზოგადოებას. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა წარმატებული, სასარგებლო და ბევრი ქალბატონისთვის სიკეთის მომტანი იქნება,“- აცხადებს ნინა პერტენავა.
აღსანიშნავია, რომ ძალიან მალე „ქოლგა“, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, დაიწყებს პროექტ „წიგნობანას“, რომელიც ბავშვებს მსოფლიო ლიტერატურის ირგვლივ გააერთიანებს. პროექტის მიზანი მოზარდებში წიგნის პოპულარიზაციაა. „წიგნობანას“ ფარგლებში, ბავშვები წაიკითხავენ და იმსჯელებენ სხვადასხვა წიგნსა თუ პერსონაჟზე, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში და პირადად შეხვდებიან მწერლებს, პოეტებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს.