“ამაღამ… სოფელი და ადამიანები სულების დასახვედრად ემზადებიან…”

„ხვალ 18 იანვარია… უშგულში ალბათ თოვს, ან მოთოვს ამაღამ… სოფელი და ადამიანები სულების დასახვედრად ემზადება…“ – მარიამ ხაჭვანის წერილი, რომელიც მან 17 ინვარს გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. მისტიური ტრადიცია, ლიფანაალის დღეები სვანეთში.

„ხვალ 18 იანვარია…

უშგულში ალბათ თოვს, ან მოთოვს ამაღამ…

სოფელი და ადამიანები სულების დასახვედრად ემზადება…

თოვლმაც იცის, კოშკმაც იცის, ყველამ იცის, რომ მათ დასახვედრად სუფთა სამყარო არის საჭირო…

ამ დღეს ყველაფერი წმინდა უნდა იყოს…

ამიტომაც ცდილობს თოვლი, ადამიანების ჭუჭყიანი ნაკვალევი გადაფაროს და ისე დახვდეს სულებს…

ამ დღეს სხვანაირი განწყობა არის სოფელში, სხვანაირი სითბო…

თოვლის სუნი…

ხვალ სულების მასპინძლობა იწყება სვანეთში…

ეს არის დღესასწაული, რომელიც ცოცხლებს გარდაცვლილებთან ახვედრებს

ბავშობიდან მომყვება, როგორი ბედნიერი ვემზადებოდი გარდაცვლილებთან შესახვედრად და როგორ გვიხაროდა მათი მოსვლა…

ეს განსაკუთრებული დღეა…

ამ დღისთვის წლიდან – წლამდე ინახავენ უშგულში ტკბილეულს..

ამ დღეს ყველაფერი ძვირფასი უნდა იდოს სუფრაზე…

ამ დღისთვის განსაკუთრებულად გამოგვპრანჭავდნენ ბავშვებს…

საოცარი სიჩუმე ისადგურებს, როცა ისინი მოდიან, გგონია რომ ნაბიჯების ხმა გესმის, ლამაზად გაწყობილ სუფრას კერძების თბილი ორთქლი ასდის…

ოჯახის უფროსი კარს უღებს და სტუმრებს სუფრასთან იპატიჟებს…

ხვდები რომ ჩვენ მარტონი არ ვართ, ჩვენთან ერთად არის ყველა ახლობელი, ყველა წინაპარი…

ამ დღეს ძალიან ბევრნი ვართ…

ამ დღეს არავინ გვაკლია…

არ გვყავს გარდაცვლილი ოჯახში…

ისინი ჩვენთან არიან ეხლა……

მერე მაგიდას მარჯვნივ შემოვატრიალებთ, კერძებსაც, თეფშებსაც…

ყველა ერთად მივუსხდებით სუფრას…

ვიხსენებთ რომ დეიდას ეს კერძი უყვარდა, ბებიას ეს.. ვყვებით ზღაპრებს…

ეს არის რიტუალი, რომელიც სხვანაირად გათბობს.

რიტუალი, რომელიც გარდაცვლილი ადამიანების მონატრებას გიმსუბუქებს…

მერე ისევ თოვას იწყებს…

არემარე ისევ გადათეთრდება…

მათი წასვლის დღე დადგება…

გამთენიისას ნახევრად მძინარე ფეჩთან ვითბობთ ხელებს და გულის ფანცქალით ვაცილებთ მონატრებულ სტუმრებს…

იმედით, რომ ისევ მოვლენ…

მერე ისინი მიდიან, ჩვენ სანთლებით ვაცილებთ და ვეუბნებით:

“არც გიჩქარით, არც გიგვიანებთ”

მერე…

საოცარი სიჩუმე ისადგურებს სახლში, სიცარიელე და ჩვენ ისევ ველოდებით დღეს, როცა ისინი კვლავ მოვლენ..

და ისინიც ყოველ წელს მოდიან…

მახსოვს ბავშვობაში, ბებია-ბაბუები ჩურჩულით იწყებდნენ გარდაცვლილების სახელების ჩამოთლას, ჩვენ ვერ ვხედავდით, მაგრამ ვგრძნობდით მათ სიახლოვეს, სახელების მიხედვით ვხვდებოდით ვინ გვყავდა სტუმრად და გვეცინებოდა, სიცილზე მშობლები გვიბრაზდებოდნენ, ბებია კი იტყოდა- დაანებეთ ბავშვებს თავი, გარდაცვლილებსაც უხარიათ ბავშვები რომ იცინიანო, და ეს ამოუცნობი შეგრძნება დღესაც მომყვება და დღესაც მეცინება და სასიამოვნოდ მეღიმება როგორც ბავშვობაში…

მარიამ ხაჭვანი“