საახალწლო ტრადიციები, რომლებიც ზემო აჭარაში დღემდე შემონახულია

საქართველოს ყველა კუთხეში ახალ წელს უმეტესად თანამედროვე ტრადიციებით აღნიშნავენ, თუმცა ყველა კუთხემ თავისთვის დამახასიათებელი უნიკალური ტრადიციებიც შემოინახა. რამდენიმე უძველესი საახალწლო ტრადიცია აჭარის მაღალმთიანეთში დღემდე უცვლელადაა შემონახული.

ძველი აჭარული ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის დადგომამდე ოჯახში აუცილებლად უნდა დაებრუნებინათ წლის განმავლობაში გათხოვებული სხვადასხვა ნივთი თუ გასესხებული ფული. ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე საათით ადრე, მისაღებ ოთახში შემოჰყავდათ ფერადი ნივთებით მორთული მამალი ცხვარი, რომელიც ხვავისა და ბარაქის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ღამის 12 საათზე, ნიშნად სიცოცხლის გაგრძელებისა და სიხარულისა, მამაკაცი გარეთ გამოდიოდა და ჰაერში თოფს ისროდა, დილით კი ბოსელში ჩადიოდა და რკინის ჯაჭვს გაათრევდა, რაც საქონლის სიმრავლის უწყვეტობასთან იყო გაიგივებული. ამ დროს ოჯახის დიასახლისი ეზოში გადიოდა და შინ წყლით სავსე დოქი შემოჰქონდა, რომელსაც ოთახში მოაპკურებდა.

გარდა ამისა, მთელი წლის მანძილზე სიტკბოსა და სიუხვის დასაბედებლად, დიასახლისს ერთმანეთში არეული ბრინჯი და შაქარი ოთახების ყველა კუთხეში უნდა მოებნია. დიასახლისს აუცილებლად წითელი ფერის კაბა უნდა სცმოდა, რაც ინეზა ზოიძის თქმით, უძველესი აჭარული ტრადიციის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც პატარძალი/დედოფალი – წითელი კაბით იმოსებოდა. ახალი წლის მეორე დღეს კი წესად იყო და დღემდე რჩება ნათესავებთან სტუმრად წასვლა.

ძველად აჭარაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფერხვას (იგივე მეკვლეობა). უპირატესობა ენიჭებოდა ბავშვის, უფრო კი ბიჭი ბავშვის ფერხობას. დილით ბავშვებს ჭიშკართან აჩერებდნენ და ავალებდნენ, რომ უცხო არ შემოეშვათ, ანუ იმათ ვისი ფეხიც დაცდილი არ ჰქონდათ, როგორი იქნებოდა ახალ წელს.

საახალწლო სუფრას ტრადიციული აჭარული კერძებით აწყობდნენ: ხარჩო, ხალვა, ნიგვზიან-თაფლიანი ნამცხვარი და აჭარული საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი – მოხარშული სიმინდი. „რახან სიმინდი ხარშვისას მოცულობაში მატულობს, იგი ოჯახში მატებასთან ასოცირდებოდა, ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია აჭარის სოფლებში“

თოვლის ბაბუა, ისევე როგორც ნაძვის ხის მორთვა, ზემო აჭარაში გვიან დამკვიდრებული ტრადიციაა. „ეს ტრადიციები დაახლოებით მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში 70-80-იან წლებში დამკვიდრდა და 90-იანებში უფრო აქტიური სახე მიეცა. ძველად აჭარაში არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ თოვლის ბაბუას რაიმე განსაკუთრებული როლი ენიჭებოდეს, ასეთი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ პიროვნებას, რომელიც ამ ოჯახს უფერხებდა, ანუ მეკვლეს“.

ახალი წლის თანამედროვე ტრადიციების პარალელურად აჭარის მაღალმთიან სოფლებში დღემდე არ კარგავს თავის მნიშვნელობას უძველესი ტრადიციები და მათი უმეტესობა თითქმის უცვლელად არის შემონახული.

 

წყარო: region.kvira.ge