1907 წლის 27 დეკემბერს, სამტრედიაში დაიბადა მსახიობი კაკო კვანტალიანი. სწორედ სამტრედიიდან, კიბის ქვეშ მოწყობილი “თეატრიდან” დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა. ჯერ კიდევ პატარა აკაკი დედმამიშვილთან და მეზობლის ბავშვებთან ერთად სპექტაკლებს დგამდა და კომედიურ როლებს განასახიერებდა. შემდეგ იყო თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენები; 1928 წლიდან კი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი გახდა და ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. თეატრსა თუ კინოში მან გამორჩეული სახეები შექმნა და ასე დაამახსოვრა თავი ქართულ საზოგადოებას. მან ასევე ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი და წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში.
აკაკი კვანტალიანმა პირველი როლი 1933 წელს, უკანასკნელი კი 1967 წელს ითამაშა. მათ შორის ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა „დარიკო“, მენახშირე მიტუა „მაგდანას ლურჯაში“, დევი „ცისკარაში“, ბერიკა „მაია წყნეთელში“, „უდიპლომო სასიძოში“.
“მაგდანას ლურჯაში” მიტუას გრიმი თავად მოიფიქრა. ყურებში თმა ჩაიდო, რომ უხეში ტიპი გამოსულიყო. ერთ – ერთი გადაღების დროს შესვენებაზე ამ გრიმით შინ წასულა რეჟისორის მანქანით, ეზოში მეზობლისთვის უკითხავს კვანტალიანები სად ცხოვრობენო. მეზობელს გაუკვირდა, შენ კვანტალიანებთან რა საქმე გაქვსო. მეუღლესაც კი ვერ უცვნია და კარი ცხვირწინ მიუკეტავს, სახლში არ შეუშვია. იმ დღეს თურმე მთელი ეზო ლაპარაკობდა, კვანტალიანებთან ვიღაც მაჯლაჯუნა მივიდაო.
ორი რამ უყვარდა ძალიან: წიგნი და ქართული სამზარეულო. ბევრს კითხულობდა. ხშირად ცალ მხარეს წიგნი ედო, მეორე მხარეს თეფშით საჭმელი.
მსახიობი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა…
„მისი გარდაცვალების შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში სიჩუმემ დაისადგურა, მოიწყინა თეატრმა და მის ხელოვნებაზე შეყვარებულმა მაყურებელმა. აკაკი კვანტალიანი იმ მსახიობთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც მარჯანიშვილის თეატრი დიდი ხელოვნების ტაძრად აქცია. მისი ხანმოკლე სცენური სიცოცხლე იყო სახელოვანი, მის მიერ შექმნილი განუმეორებელი, დაუვიწყარი მხატვრული სახეებით გაშუქებული. ის იყო დიდი ოსტატი, ჰქონდა იუმორისა და იმპროვიზაციის თანდაყოლილი ნიჭი, თანაც ბასრი ენის პატრონი იყო“ — წერდა ვერიკო ანჯაფარიძე.
აკაკის თხოვნით, მისი გარდაცვალება დედამისს არ გააგებინეს და მხოლოდ 2 წლის შემდეგ, როდესაც ანეტა უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, სიმართლე გაუმხილეს და რამდენიმე საათში დედამაც სულიც დალია…