ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვიკიკონკურსების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვიკიკონკურსების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.აღნიშნული კონკურსები ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროექტის “მეცნიერების კალენდარი – 2021” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას.
ღონისძიებაზე შეჯამდა სამი კონკურსის “ქართველოლოგია ვიკიპედიაში”, “ქართული მეცნიერება ვიკიპედიაში” და “ქართული მეცნიერება უცხოენოვან (ინგლისურ) ვიკიპედიაში” შედეგები.საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და აღნიშნა, რომ კონკურსების ჩატარებით მიღებული შედეგები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქართველოლოგიური მეცნიერების ძირითადი მიღწევების პოპულარიზაციის კუთხით.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და ქართული მეცნიერების შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით მსგავსი კონკურსების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.