თაგო, უჩხო, კაპნისთავი, ჩხუტუნეთი – იმ 10 სოფელს შორისაა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები მიმდინარეობს. პროექტი, რომელშიც გიდები, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებია ჩართული, თითოეულ სოფელში ძირითადი ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების გამოკვეთას, განვითარებასა და ტურისტებისთვის შეთავაზების მომზადებას ითვალისწინებს. ის გარდა არსებული ტურისტული სერვისების გამრავალფეროვნებისა, სააგენტოებს, გიდებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს შორის ურთიერთანამშრომლობას უწყობს ხელს.
სოფლად არსებული ტურისტული პროდუქტების ფორმირების პროცესს წინ უძღოდა ტურისტული პოტენციალის კვლევები, რომელზე დაყრდნობითაც საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს ტრენინგები ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში კვლევები და ტრენინგები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა. მონაწილეებს სერტიფიკატები, მყარ დისკზე ჩაწერილი სატრენინგო მასალები და სოფლის ტურისტული პროდუქტების ამსახველი სარეკლამო ბუკლეტები გადაეცათ.