თეთრი ხალათი, ოკეანეები და ხელოვნებად ქცეული თერაპია – ქეთი ფხალაძის ჯადოსნური სამყარო

ქეთი ფხალაძე გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია. ის ქალაქ მინდენში ცხოვრობს. მომავალი ექიმია, სწავლობს ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (ის გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტია). მალე მე-5 კურსს დახურავს. საათივით აწყობილი, დატვირთული გერმანული ცხოვრების მიუხედავად, დროს ყოველთვის პოულობს მეორე საყვარელი საქმისთვის…

ხელოვნება მისი ცხოვრების ნაწილი ბავშვობიდან გახდა. უცხო ქვეყანაში თერაპიადაც იქცა და ნოსტალგიის დაძლევაში დღემდე ემხარება. ქეთი ძირითადად ტილოზე აკრილით ხატავს, თუმცა ნამუშევრებს განსხვავებული ტექნიკითაც ქმნის. ეპოქსიდისა და ხის დაფების მეშვეობით ოკეანეებს აცოცხლებს. კომპოზიციებზე თითოეული დეტალი ხელნაკეთია.

,,თეთრი ხალათი ამქვეყნად ყველაზე დიდი, მსხვილი ასოებით დაწერილი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ყოველთვის მინდოდა გავმხდარიყავი ექიმი, ეს ჩემთვის არასდროს ყოფილა უბრალოდ პროფესია. ჩემი გადმოსახედიდან მედიცინა ერთგვარი ხელოვნებაა – სიცოცხლის ხელოვნება. ხატვა კი, ნამდვილ თერაპიად მექცა, უდიდესი სიამოვნებაა და მეხმარება ნოსტალგიის დაძლევაში“ – ამბობს ინტერვიუში ქეთი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"